აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, შეწყვიტოს საჰაერო იერიშები რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებსა და დიზელის საწვავის ინფრასტრუქტურაზე.  

ირლანდიაში ვიზიტისას მედიასთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ კიევმა უარი უნდა თქვას დიზელის ინფრასტრუქტურის განადგურებაზე, რადგან მისი თქმით, ეს თავდასხმები გლობალურ ბაზარზე საწვავის დეფიციტსა და ფასების ზრდას იწვევს. როგორც ამერიკის ლიდერმა აღნიშნა, უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით "სხვა მრავალი სამიზნე აქვს":

"პრეზიდენტმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს — მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის ობიექტებზე დარტყმები. იერიშები მიიტანონ სხვა სამიზნეებზე, მაგრამ არა დიზელზე, რადგან ამით ის დეფიციტს იწვევს და ეს მთელ მსოფლიოს აზარალებს."

ტრამპის მტკიცებით, ენერგომატარებლების გაძვირება პირდაპირ არის დაკავშირებული უკრაინული დრონების სისტემურ იერიშებთან რუსულ გადამმუშავებელ სექტორზე.  

თავის მხრივ, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსული ნავთობინფრასტრუქტურა და გადამმუშავებელი ქარხნები სრულად ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეს წარმოადგენს, რადგან სწორედ ეს სექტორი აფინანსებს და ამარაგებს რუსეთის საოკუპაციო ძალებს.