აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც დროებით შეაჩერა „ლინდსი გრემის კანონის“ (Graham Act) ფარგლებში რუსეთისა და მისი ენერგორესურსების მყიდველი ქვეყნების წინააღმდეგ მასშტაბური სანქციებისა და 500%-იანი ტარიფების დაწესება. თეთრმა სახლმა გადაწყვეტილება „აშშ-ის ეროვნული ინტერესებით“ განმარტა.

„ლინდსი გრემის კანონი“, რომელიც აშშ-ის კონგრესმა სექტემბერში დაამტკიცა და მოგვიანებით პრეზიდენტმა ტრამპმაც მოაწერა ხელი, ძალაში ოფიციალურად 18 ოქტომბერს უნდა შესულიყო. დოკუმენტი ითვალისწინებდა მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებას რუსული ენერგოსექტორისთვის, მათ შორის 500%-იან ტარიფებს რუსულ საქონელზე და მეორად სანქციებს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსულ ნავთობსა და გაზს ყიდულობენ.  

თუმცა, კანონის სრულმასშტაბიან ამოქმედებამდე ორი დღით ადრე, ტრამპმა გამოიყენა საპრეზიდენტო უფლებამოსილება და დოკუმენტით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.  

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების სრული პაკეტის ამოქმედება ამ ეტაპზე საფრთხეს შეუქმნიდა გლობალური ენერგობაზრების სტაბილურობასა და ამერიკელი მომხმარებლების ინტერესებს. ეს ნაბიჯი მოჰყვა რამდენიმე დღის წინ მიღწეულ ე.წ. „დიზელის შეთანხმებასაც“, რომლითაც აშშ-ის ხაზინამ დროებითი ლიცენზია გასცა რუსული წარმოშობის საწვავით ვაჭრობაზე.

რას წერს დასავლური მედია

წამყვანი გამოცემები („როიტერი“. „ბლუმბერგი“, „გარდიანი“) ხაზს უსვამენ ორპარტიულ უკმაყოფილებას. როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელები ამ ნაბიჯს „კიევის ღალატად“ და პუტინის წინაშე დათმობაზე წასვლად აფასებენ. სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა განაცხადა, რომ ტრამპი კიდევ ერთხელ დადგა „აგრესორისა და რუსული სამხედრო მანქანის მხარეს“.  

ეკონომიკურ საკითხებზე ორიენტირებული გამოცემები აღნიშნავენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შიშობდა, 500%-იან ტარიფებსა და მკაცრ მეორად სანქციებს ნავთობისა და საწვავის ფასების მკვეთრი ნახტომი არ გამოეწვია გლობალურ ბაზარზე, რაც პირდაპირ დარტყმას მიაყენებდა ამერიკელ მომხმარებელს.

მოკავშირეების დაბნეულობა

ევროპული პრესა აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო აბნევს ნატოელ მოკავშირეებსა და უკრაინას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთი განაგრძობს დარტყმებს უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე.  

რა გამოხმაურება მოჰყვა რუსეთში

რუსულ პოლიტიკურ წრეებსა და სახელმწიფო მედიაში ტრამპის გადაწყვეტილებას პოზიტიურად, თუმცა სიფრთხილით შეხვდნენ. რუსული სახელმწიფო მედია მომხდარს აშუქებს როგორც „ვაშინგტონის მხრიდან რეალობის აღქმას“ და ​„პრაგმატიზმის გამარჯვებას“. მათი შეფასებით, აშშ იძულებული გახდა უკან დაეხია, რადგან გააცნობიერა, რომ რუსული ენერგორესურსების გარეშე მსოფლიო ეკონომიკას კოლაფსი ემუქრებოდა.

კრემლის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ტრამპის ნაბიჯი „გონივრულია“ და გზას უხსნის შესაძლო მოლაპარაკებებს, თუმცა იქვე დასძენენ, რომ ვაშინგტონის პოლიტიკა ცვალებადია და სანქციების ფორმალური გაუქმების გარეშე შემდგომ ნაბიჯზე ლაპარაკი ნაადრევია.  

რუსი პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრამპის მიერ კანონის შეჩერება ადასტურებს მისი ადმინისტრაციის სურვილს, შეინარჩუნოს მანევრის საშუალება მოსკოვთან მოლაპარაკებების პროცესში და არ გახდეს კონგრესის ხისტი პოლიტიკის მძევალი.

უკრაინის პრეზიდენტის რეაქცია

„იმ დროს, როდესაც რუსები ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს ასეთ უზარმაზარ დარტყმას აყენებდნენ, ამერიკამ, სამწუხაროდ, გადაწყვიტა სრულიად უგულებელყო ლინდსი გრეჰემის აქტი, რომელსაც უნდა მოეხდინა მართლაც ეფექტური ზეწოლა რუსეთზე ამ ომის დასასრულებლად. ამ კანონს შეეძლო - და კვლავ შეუძლია! - ძალიან სასარგებლო ყოფილიყო. თუმცა, კანონმა რეალურად უნდა იმუშაოს და ამის სასარგებლოდ ყველა ხმა მნიშვნელოვანია“.

მოამზადა რაულ კაპანაძემ