ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადის ონტარიოს პროვინციის მთავრობის მიერ აშშ-ში იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე 25-პროცენტიანი ტარიფის დაწესების საპასუხოდ კანადურ ფოლადსა და ალუმინზე საბაჟო ტარიფების გაორმაგების და  50-პროცენტიან გადასახადის დაწესების შესახებ განაცხადა. ტრამპის გადაწყვეტილება ძალაში 12 მარტიდან უნდა შესულიყო.

დაახლოებით 35 წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანადის ონტარიოს პროვინციის მეთაურმა დაგ ფორდმა განაცხადა, რომ მას დაურეკა აშშ-ს ვაჭრობის მინისტრმა ჰოვარდ ლუტნიკმა, რის შემდეგაც მან შეაჩერა ელექტროენერგიაზე გადასახადის დაწესება. მისი თქმით, იგი დარწმუნებული იყო, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ასევე უარს იტყოდა კანადურ ფოლადსა და ალუმინზე 50%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ გეგმებზე. 

„ჩვენ არანაირად არ ვაპირებთ უბრალოდ დანებებას. ჩვენ ვაპირებთ კონსტრუქციულ საუბარს“, - განაცხადა დაგ ფორდმა.

„ასოშეიტედ პრესის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თეთრი სახლის სავაჭრო მრჩეველმა პიტერ ნავარომ თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა შეცვალა გადაწყვეტილება ფოლადის და ალუმინის ტარიფების გაორმაგებაზე, თუმცა ფედერალური მთავრობა კვლავ გეგმავს ოთხშაბათიდან 25 პროცენტიანი ტარიფის დაწესებას ფოლადისა და ალუმინის ყველა იმპორტზე.