ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მარ-ა-ლაგოში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მარ-ა-ლაგოში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტ ტრამპს ჰკითხეს, პრეზიდენტ პუტინთან საუბრისას განიხილეს თუ არა შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინის აღდგენაზე რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი. 

დიახ, განვიხილეთ და ისინი დახმარებას აპირებენ. რუსეთი დახმარებას აპირებს. რუსეთს სურს, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს. ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მე ავუხსენი პრეზიდენტს, რომ პრეზიდენტი პუტინი ძალიან სულგრძელია უკრაინის წარმატების ხილვის მიმართ თავის სურვილებში, მათ შორის ენერგორესურსების, ელექტროენერგიის და სხვა საქონლის ძალიან დაბალ ფასებში მიწოდების მხრივ.  

ზოგადად, დღევანდელმა ზარმა ბევრი კარგი რამ მოიტანა, მაგრამ სტივი, ჯარედი, მარკო (სტივ უოტკოფი, ჯარედ კუშნერი და მარკო რუბიო - „აიპრესი“) და სხვები ამაზე ორი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ.

კითხვაზე თანახმაა თუ არა რუსეთი უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარების მიზნით ცეცხლის შეწყეტაზე, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს არაა ცეცხლის შეწყვეტა და ამ საკითხის მიმართ პუტინის პოზიციას გაგებით ეკიდება.

„ეს არ არის ცეცხლის შეწყვეტა და ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელზედაც ახლა ვმუშაობთ. არა, ეს არ არის ცეცხლის შეწყვეტა. თქვენ იცით, რომ ისინი იბრძვიან და სურთ შეჩერება, მაგრამ თუ მათ თავიდან დაწყება მოუწევთ, რაც სავსებით შესაძლებელია, მას არ სურს ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს. მესმის ეს პოზიცია.

როგორც ჩანს, პრეზიდენტი ძალიან შეშფოთებულია ამ ან მსგავსი რამით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ გვერდი ავუაროთ ამას, მაგრამ ამ თვალსაზრისით მესმის პრეზიდენტ პუტინის.

ჩვენ უნდა გავუგოთ მეორე მხარესაც და თქვენ იცით, მე მშვიდობის მხარეს ვარ. მე მათ მხარეს ვარ, ვინც ომის დასრულებას უჭერს მხარს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა მოგვარდება“, - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.