აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინთან უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმებას შეძლებს.
როგორც დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, სურს, შეხვდეს ვლადიმერ პუტინს და ასევე მზად არის, გამოიყენოს ბერკეტები მის წინააღმდეგ, საჭიროების შემთხვევაში.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი უკვე დაიღალა ამ ომით.
„მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პუტინთან. ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ, ჩვენ უნდა შევხვდეთ. ვფიქრობ, ჩვენ სავარაუდოდ დავგეგმავთ ამას, რადგან დავიღალე, რომ სხვები მიდიან და ხვდებიან. ამასთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ სტივ უიტკოფმა შესანიშნავი სამუშაო გასწია. ეს რთული სამუშაოა, ამიტომ ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მე ვარ ის, ვინც შეძლებს ამის გაკეთებას. ვფიქრობ, ამას მალე გავაკეთებთ. მიმაჩნია, რომ პუტინი დაიღალა ამ ყველაფრით. ის კარგად არ გამოიყურება, თუმცა სურს, კარგად გამოიყურებოდეს. არ დაივიწყოთ, რომ ეს ერთ კვირაში უნდა დასრულებულიყო და ერთ ადგილას რომ არ გაჭედილიყო, კიევში იქნებოდა დაახლოებით 5 საათში“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ პუტინი დაბრკოლებაა მშვიდობისთვის, ტრამპმა აღნიშნა, რომ მას რთული საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისან ჰქონდა.
„მე ძალიან რთული საუბარი მქონდა ზელენსკისთან, რადგან არ მომეწონა, რაც მან თქვა და ეს საქმეს არ ამარტივებს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას არ აქვს კარტები. მას საქმე აქვს უზარმაზარ არმიასთან, მას საქმე აქვს საკმაოდ მამაც არმიასთან, რომელსაც, შესანიშნავი შეიარაღება აქვს“, – განაცხადა ტრამპმა.
რაც შეეხება პუტინზე ზეწოლასა და მის წინააღმდეგ ბერკეტების გამოყენებას, ტრამპის აღნიშნავს, რომ ამას მასზე უკეთ ვერავინ აკეთებს. ტრამპის თქმით, შეთანხმება თუ არ შედგება, ის გამოიყენებს ბერკეტს და ეს გამანადგურებელი იქნება რუსეთისთვის, რადგან მათი ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია.
თარგმანი "საზოგადოებრივი მაუწყებელი"