აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და უკრაინა მინერალების შესახებ შეთანხმებას 24 აპრილს გააფორმებენ. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან შეხვედრისას ისაუბრა.
„ჩვენ გვაქვს მინერალების შესახებ შეთანხმება, რომელიც, ვფიქრობ, მომავალ ხუთშაბათს გაფორმდება. ჩვენ გვაქვს შეთანხმება ამ საკითხზე“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ რუსეთისგან მიმდინარე კვირას მიიღებს პასუხს უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებაზე.
„ჩვენ შევიტყობთ მათგან პასუხს ამ კვირაში, ძალიან მალე, და ვნახავთ, რა იქნება. მაგრამ ჩვენ გვსურს ეს შეწყდეს. გვსურს, მკვლელობები შეწყდეს“, – განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
თავის მხრივ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ტრამპმა მიიღო მისი მიწვევა იტალიაში ოფიციალური ვიზიტის შესახებ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა, შეხვდეს სხვა ევროპელ ლიდერებსაც.
„ჩემი მიზანია, დასავლეთი კვლავ დიდებული გავხადოთ და ვფიქრობ, რომ ერთად შეგვიძლია ამის გაკეთება“, – აღნიშნა ჯორჯია მელონიმ.
იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას სჯერა, რომ აშშ და ევროპა ერთად შეძლებენ უკრაინაში „სამართლიანი და ხანგრძლივი” მშვიდობის მიღწევას.
კითხვაზე, უნდა შეუერთდეს თუ არა იტალია ევროპულ სამშვიდობო მისიას უკრაინაში, ტრამპმა განაცხადა, რომ იტალიამ თვითონ უნდა მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნა – „სამშვიდობო მისიები ჩემთვის ყოველთვის მისაღებია“.
ამასთან, დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვეს, მის მიერ წარსულში გაკეთებულ კომენტარზე, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკის ადანაშაულებდა უკრაინაში მიმდინარე ომში. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის არ აკისრებს ზელენსკის პასუხისმგებლობას.
„როგორც იცით, რუსეთი უფრო დიდი სამხედრო ძალაა და თუ ჭკვიანი ხარ, ომში არ ჩაებმები. ამაში შეიძლება, დაადანაშაულოთ ის კაცი, რომელიც ამ სავარძელში იჯდა. ბაიდენს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არასდროს მოხდებოდა. ვოლოდიმირ ზელენსკის არ ვადანაშაულებ, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ მან საუკეთესო სამუშაო შეასრულა. მე არ ვარ დიდი გულშემატკივარი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ასევე დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპა კვლავ „დიდებული” გახდება და დასძინა, რომ ევროპის პრობლემების უმეტესობა იმიგრაციას უკავშირდება.
„ევროპა ბევრ პრობლემას გადის. არ ვარ ევროპის და მათი საიმიგრაციო პოლიტიკის დიდი გულშემატკივარი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
სატარიფო პოლიტიკაზე საუბრისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ტარიფებიდან „უზარმაზარი თანხები” მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ ქვეყნები არ მოვლენ მოლაპარაკების მაგიდასთან, „ჩვენ მათთვის თვითონ შევადგენთ შეთანხმებას“.
თარგმანი: პირველი არხი