Sky News Arabia  თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დოჰაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ „ასტანის შეთანხმების" სპონსორი ქვეყნები, კერძოდ, თურქეთი, რუსეთი და ირანი, სირიაში განვითარებული მოვლენები განიხილეს და კრიზისის მოგვარების საგზაო რუკა შეიმუშავეს.

საგზაო რუკა რამდენიმე პუნქტს მოიცავს, მათ შორისაა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის და პოლიტიკური დარეგულირების მიზნით მიღებული გაეროს 2254 რეზოლუციის რეალიზების პროცესის დაწყება.  

რუკის მიხედვით, ყველა ძალები დაბრუნდებიან თავიანთ ბაზებზე, ქალაქებს დაიცავენ ერთობლივი პოლიციური ქვედანაყოფები და ყველა უცხოური ჯარი ქვეყნიდან 2025 წლის ბოლომდე იქნება გაყვანილი.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელნი არიან რუსეთი, ირანი და თურქეთი.

რეზოლუცია ასევე ითვალისწინებს ერთი თვის განმავლობაში, გაეროს და არაბული სახელმწიფოების ლიგის წარმომადგენელთა ჯგუფის ხელმძღვანელობით, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებას.

საგზაო რუკის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი თანამდებობაზე დარჩება 6-დან 9 თვემდე ვადით, მისი უფლებამოსილების უმეტესი ნაწილი გადაეცემა მხარეთა შორის შეთანხმებით დანიშნულ დამოუკიდებელ პრემიერ მინისტრს.

იგი ასევე მოითხოვს ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შემუშავების მიზნით ახალი სამმხრივი კომიტეტის შექმნას. კომიტეტის წევრების ერთი მესამედი დანიშნული იქნება გაეროს, ერთი მესამედი დამასკოს და ერთი მესამედი სირიის კოალიციის ( სირიის რევოლუციურ და ოპოზიციურ ძალთა კოალიცია - „აიპრესი") მიერ. 

ახალი ხელისუფლება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ახალი სახელებით 6-9 თვეში დანიშნავს.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სუნისტური ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიატ ტაჰრირ ალ-შამის" მებრძოლები დამასკოს მახლობლად არიან და ქალაქზე იერიშისთვის ემზადებიან. სირიის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადებით პრეზიდენტს ქვეყანა არ დაუტოვებია, დამასკოშია და მუშაობას განაგრძობს, შინაგან საქმეთა მინისტრის, გენერალ-მაიორ მოჰამად ჰალედ ალ-რაჰმუნის თქმით კი დამასკოს გარშემო არსებული კორდონის გარღვევა შეუძლებელია და ქალაქს საფრთხე არ ემუქრება.

რუსეთის ხომალდების მიერ სირიის პორტების დატოვების შესახებ კითხვაზე ლავროვმა უპასუხა, რომ ხმელთაშუა ზღვაში წვრთნები ტარდება და შესაძლოა, თანამგზავრიდან გადაღებულმა სურათები იქნა არასწორად გაშიფრული.

შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიის მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა: ეს არ არის ჩვენი ბრძოლა. მიუშვით ნებაზე. არ ჩაერიოთ!

ვინ არის „ჰაიატ ტაჰრირ ალ-შამის"  მეთაური აბუ მუჰამედ ალ-ჯულანი და რას წერს მის შესახებ უცხოური მედია?

გერმანული tagesschau-ს ცნობით,  42 წლის აბუ მუჰამედ ალ-ჯულანი საუდის არაბეთშია დაბადებული, მისი მშობლები კი წარმოშობით გოლანის მაღლობებიდან (1967 წლამდე სირიის პროვინციის შემადგენელი ნაწილი იყო, 1967 წლიდან კი ისრაელი აკონტროლებს და ისრაელი მას თავის ტერიტორიად თვლის. - „აიპრესი"). ისრაელი გოლანის მაღლობებს ისრაელი აკონტროლებს) იყვნენ. მამა ასადის (ამჟამინდელი პრეზიდენტის მამის, სირიის პრეზიდენტის 1971-200 წლებში) რეჟიმის მოწინააღმდეგე იყო და ქვეყნიდან გაძევებამდე არაერთი წელი გაატარა ციხეებში. ალ-ჯულანი იყო „ალ-ქაიდას" სირიის ქვედანაყოფში შემავალი „ალ-ნუსრის ფრონტის" წევრი. იგი მჭიდრო კავშირში იყო ტერორისტულ ორგანიზაციასთან, „ისლამური სახელმწიფო" და შეერთებულმა შტატებმა 2013 წელს იგი განსაკუთრებით საშიშ ტერორისტთა სიაში შეიყვანა, 2017 წელს კი მასზე 10 მილიონი დოლარი ჯილდო დააწესა.

ალ-ჯულანი წლების წინ საჯაროდ ჩამოშორდა „ალ-ქაიდას" და ამჟამად სუნიტური ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიატ ტაჰრირ ალ-შამის" მეთაურია. ალ-ჯულანი ტერორისტის იმიჯის მოშორებას ცდილობს. მან თავის მებრძოლებს მოუწოდა, რომ დაინდონ მშვიდობიანი მოსახლეობა და ქალაქების გათავისუფლების შემდეგ შური არ იძიონ.

ეს სირიელებს შორის ომია და სხვები შორს უნდა იყვნენ, - ამბობს ალ-ჯულანი ასადის რეჟიმის საერთაშორისო მოკავშირეების გასაგონად და განსაკუთრებით გამოყოფს ერაყელ პოლიტიკოსებს, პირველ რიგში კი ერაყის პრემიერ-მინისტრს. 

„მივმართავთ ერაყელ პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით თქვენ, ბატონო მუჰამედ შია ალ-სუდანი, ხელი შეუშალოთ  ერაყელ მებრძოლთა განლაგებას სირიაში. აღასრულეთ თქვენი მოვალეობა და წინ აღუდექით განწირული რეჟიმის დასახმარებლად ინტერვენციას" - აცხადებს აბუ მუჰამედ ალ-ჯულანი.

ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის სამმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ, რამდენადაც მათთვის ცნობილია, ასადი დამასკოში იმყოფება.


მასალა განახლებულია 8 დეკემბრის 00:15 საათზე.