გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირთან ერთად, რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარს ამცირებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მთავრობა ავრცელებს.
კერძოდ, ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი 60 დოლარის ნაცვლად, 47,60 დოლარი იქნება.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ეს დაარტყამს ნავთობიდან მიღებულ რუსეთის შემოსავალს, რომელიც მაისის მონაცემებით, ბოლო ერთ წელში ისედაც 35%-ით შემცირდა.
„ეს შეზღუდავს პუტინის ნავთობის ინდუსტრიას, შეამცირებს რუსული ნედლი ნავთობის საბაზრო ღირებულებას და დააზარალებს უკრაინაში კრემლის უკანონო ომის დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროს. რუსეთის ნავთობის შემოსავლებზე მიყენებული ყოველი ფინანსური დარტყმა კიდევ ერთი ნაბიჯია უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ, ასევე, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ დიდ ბრიტანეთსა და მის ფარგლებს გარეთ“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბიზნესს 2 სექტემბრამდე აძლევენ ვადას რუსული ნავთობის ფასის შემცირებულ ზედა ზღვართან ადაპტირებისთვის.
ევროკავშირმა რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი სანქციების მე-18 პაკეტის ფარგლებში შეამცირა. აღნიშნული პაკეტის დამტკიცება დღეს, მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სლოვაკეთმა და მალტამ ვეტო მოხსნეს.
თარგმანი: პირველი არხი