დღეს, 25 ოქტომბერს, ბრაზილიის მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იღებს მონაწილეობას. ქვეყნის მომავალ ლიდერს 150 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მომდევნო ოთხი წლის ვადით ირჩევს.

ქვეყნის სათავეში მოსასვლელად მოქმედი მემარცხენე პრეზიდენტი, ლუის ინასიუ ლულა და სილვა და ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი, მემარჯვენე სენატორი ფლავიო ბოლსონარო იბრძვიან.
 
4 ოქტომბერს გამართულ პირველ ტურში ფლავიო ბოლსონარომ მოულოდნელად ხმათა 47% დააგროვა და გადაუსწრო მოქმედ პრეზიდენტ ლულას, რომელმაც 45% მიიღო.

კენჭისყრის წინ გამოქვეყნებული ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, (Datafolha, Quaest), ბოლსონარო 51%-ით ლიდერობს, ხოლო ლულას 49% აქვს, თუმცა ეს სხვაობა სტატისტიკური ცდომილების ფარგლებშია და კანდიდატებს ფაქტობრივად თანაბარი შანსები აქვთ.
 
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, შაბათს, ორივე ბანაკის მხარდამჭერებმა მასშტაბური დემონსტრაციები გამართეს, მათ შორის რიო-დე-ჟანეიროში, კოპაკაბანას სანაპიროზე.

არჩევნების შედეგი განსაზღვრავს შეინარჩუნებს თუ არა მემარცხენე კურსს ლათინური ამერიკის უდიდესი სახელმწიფო, თუ ლათინურ ამერიკაში მზარდ მემარჯვენე ტალღას შეუერთდება.