ათწლეულის ბოლოსთვის რუსეთის ფედერაცია, შესაძლოა, "რეალურ საფრთხეს" წარმოადგენდეს ევროკავშირისთვის, ამიტომ ევროპამ და უკრაინამ თავდაცვის მრეწველობა ხუთი წლის განმავლობაში უნდა გაზარდონ, განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა.
ფრედერიკსენმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ევროკავშირი ბოლო 30 წლის განმავლობაში ამცირებდა თავდაცვის ხარჯებს. პოლიტიკოსის თქმით, ეს იყო "უზარმაზარი შეცდომა". ევროკავშირში შიშობენ, რომ ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, მალე სცადოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მოქმედების "შემოწმება" - იმის შესახებ, რომ NATO-ს ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება, როგორც თავდასხმა ალიანსის ყველა წევრზე.
ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერება აბსოლუტური პრიორიტეტია და ჩვენ უნდა შევძლოთ საკუთარი თავის დაცვა არაუგვიანეს 2030 წლისთვის, - ხაზგასმით აღნიშნა მეტე ფრედერიკსენმა თავის გამოსვლაში.
ევროპული თავდაცვის ოპერატიული მზადყოფნის შესახებ 2030 წლამდე პერიოდისთვის "თეთრ წიგნში"
აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია უახლოეს მომავალში ევროპის უსაფრთხოებისთვის "ფუნდამენტურ საფრთხედ" დარჩება. რუსული აგრესიის საფრთხის ფონზე, ევროკომისიამ მოამზადა ახალი უსაფრთხოების გეგმა სახელწოდებით "მზადყოფნა 2030". ის ითვალისწინებს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში თავდაცვაზე 1,25 ტრილიონ დოლარს დახარჯავენ.
ხარჯების პრიორიტეტები მოიცავს საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემების, არტილერიის, საბრძოლო მასალის, დრონების, კიბერ და რადიოელექტრონული ომის აღჭურვილობის შესყიდვას. გარდა ამისა, გეგმა ითვალისწინებს უკრაინის თავდაცვის მრეწველობის განვითარებას. დღეისათვის ქვეყანა შეიარაღებას უფრო სწრაფად და იაფად აწარმოებს, ვიდრე ამას ევროკავშირში აკეთებენ.