აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტებს შორის დაძაბული საუბარი გაიმართა. საუბარში ჩართული იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც.
დონალდ ტრამპმა ზელენსკი აშშ-ის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა.
"თქვენ ფსონად ჩამოდიხართ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს, თქვენ ფსონად დებთ მესამე მსოფლიო ომის საფრთხეს, თქვენ რასაც აკეთებთ, არის უპატივცემულობა ამ კონკრეტული ქვეყნის მიმართ," - მიმართა ტრამპმა ზელენკის.
პასუხად, ზელენსკიმ განაცხადა, რომ პატივს სცემს როგორც პირადად დონალდ ტრამპს, ისე მთლიანად ამერიკის შეერთებულ შტატებს.
ჯეი დი ვენსმა ზელენსკის შეახსენა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ის ტრამპის მოწინააღმდეგეებს უჭერდა მხარს.
"გასაგებია, მაგრამ თქვენ წახვედით პენსილვანიაში და ჩაერთეთ ოპოზიციის კამპანიაში, წახვედით იმ პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს თქვენი ქვეყნის გადარჩენას," - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.
"თქვენი ქვეყანა არის ძალიან ცუდ სიტუაციაში, თქვენ ვერ მოიგებთ ამ ომს" - თქვა ტრამპმა, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა:
"ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვრჩებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ვიბრძვით. ომის დაწყების დღემდე ჩვენ ვიყავით მარტო და მე ნამდვილად მადლიერი ვარ დახმარებისთვის," - თქვა ზელენსკიმ.
ამ დროს, ტრამპმა მას ის დახმარება შეახსენა, რომელიც აშშ-ის წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას გაუწია.
"ჩვენმა სულელმა პრეზიდენტმა 350 მილიარდი დოლარი გადმოგცათ. ჩვენ მოგეცით ასევე სამხედრო აღჭურვილობა. ვიცი, რომ თქვენი სამხედროები არიან ძალიან მამაცები, მაგრამ ჩვენი შეიარაღება რომ არ გქონოდათ, ომი დასრულდებოდა ორ კვირაში," - თქვა ტრამპმა.
პასუხად, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები რუსეთის პრეზიდენტისგან, პუტინისგან უკვე მოსმენილი აქვს.
"დიახ, ეს პუტინისგანაც მომისმენია, რომ სამ დღეშიც კი დასრულდებოდა," - განაცხადა ზელენსკიმ.
თარგმანი: რუსთავი 2