ჩეხეთში სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ. მომხდარის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 4 ადამიანი, დაშავებულია 23 პირი, - იუწყება AP.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამგზავრო მატარებელში, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქ პრაღიდან სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უნდა ჩასულიყო, 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევა ქალაქ პარდუბიცესთან ახლოს, პრაღიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 100 კილომეტრში მოხდა.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
ტელეკომპანია ČT24 სახანძრო სამსახურის პრეს–მდივანზე დაყრდნობით იუწყება, რომ სატვირთო მატარებელს კალციუმის კარბიდი გადაჰქონდა, თუმცა პირველი ორი ვაგონი ცარიელი იყო, დატვირთული ვაგონების მთლიანობა კი შეჯახების შედეგად არ დარღვეულა.