ჩეხეთში ამერიკული წარმოების სამხედრო ვერტმფრენი Bell UH-1Y Venom ჩამოვარდა. ბორტზე ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.
ინფორმაციას ჩეხეთის არმია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ავიაკატასტროფა ქალაქ ნამეშტ ნად ოსლავოუში მდებარე 22-ე საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე მოხდა. ჩეხეთის არმიის განცხადებით, ტრაგედიის ყველა გარემოებას საფუძვლიანად და მიუკერძოებლად გამოიძიებენ.
მანამდე კი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში H-1 ტიპის ყველა ვერტმფრენის გამოყენება შეჩერდება.
„ჩვენ პატივს ვცემთ გამოძიების მიმდინარეობას. კომპეტენტურ ექსპერტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ამ შემთხვევასთან დაკავშირებული ყველა გარემოება დაადგინონ. ამიტომ, გამოძიების დასრულებამდე დამატებით დეტალებს არ გავასაჯაროებთ და მომხდარის სავარაუდო მიზეზებზე არ ვისაუბრებთ. ჩეხეთის არმია გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოებას გამჭვირვალედ და უმოკლეს ვადაში მიაწვდის ინფორმაციას”,- აღნიშნულია განცხადებაში.




