ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველი მილიარდერ ანდრეი ბაბიშს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნავს მას შემდეგ, რაც ბაბიშმა ინტერესთა კონფლიქტის საკითხი მოაგვარა ჩეხეთის უდიდესი მრავალინდუსტრიული კონცერნის, Agrofert-ის წილის დათმობით. ამის შესახებ პეტრ პაველმა 4 დეკემბერს სოციალურ ქსელში განაცხადა.
"მე ვაფასებ ანდრეი ბაბიშის მიდგომას, რომელმაც შეასრულა ჩვენი შეთანხმება და გამოაცხადა ინტერესთა კონფლიქტის ამოწურვის შესახებ. შედეგად, მე გადავწყვიტე, რომ იგი დავნიშნო პრემიერ-მინისტრად სამშაბათს, 9 დეკემბერს, დილის 9 საათზე", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
დაახლოებით ერთი საათით ადრე, ბაბიშმა სოციალურ ქსელ "X"-ის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მან განაცხადა, რომ შეასრულებდა პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრად დანიშვნის პირობას, ანუ უარს იტყოდა Agrofert-ის წილზე.
მილიარდერმა დასძინა, რომ ის კომპანიის კონტროლს პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც კი არ დაუბრუნდება. ბაბიშის თქმით, კონცერნს, რომელიც 250-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს, დამოუკიდებელი პირების მართვის ქვეშ იქნება და მისი გარდაცვალების შემდეგ კომპანია მის შვილებს გადაეცემათ მემკვიდრეობით.
ოქტომბრის დასაწყისში, ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ბაბიშის პოპულისტურმა პარტიამ ANO (Akce nespokojených občanů - უკმაყოფილო მოქალაქეების აქცია) ყველაზე მეტი ხმა (34.51%) მოიპოვა. წარსულში ბაბიშს ერთხელ უკვე ეკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ის 2017-2021 წლებში ედგა სათავეში ჩეხეთის მთავრობას. ბოლო წლებში კი ოპოზიციურ ფლანგზე აგრძელებდა პოლიტიკურ საქმიანობას.
ნოემბერში ბაბიშის პარტიამ კოალიციურ შეთანხმებას მიაღწია კიდევ ორ მემარჯვენე პარტიასთან - "მოტორისტები საკუთარი თავისთვის" და SPD-სთან, რომელიც ევროკავშირისა და NATO-ს მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. ჯამში, სამივე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დაიკავებენ პარლამენტის 200 მანდატიდან 108-ს.




