გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა (ბუნდესვერმა) ჩრდილოეთ ატლანტიკაში ისრაელში წარმოებული Lora-ს ტიპის ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოცადა. 

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს ბუნდესვერის ისტორიაში ბალისტიკური რაკეტის პირველი ტესტირებაა.  

თუ ოფიციალური ბერლინი რაკეტების შესყიდვაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, Lora გახდება პირველი ბალისტიკური რაკეტა ბუნდესვერის შეიარაღებაში.  

ისრაელის კომპანია Israel Aerospace Industries-ის მიერ შექმნილი რაკეტის მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრამდეა და იგი მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. ბალისტიკური რაკეტები, კლასიკური ფრთოსანი რაკეტებისგან (როგორიცაა მაგალითად Taurus) განსხვავებით, ვერტიკალურად მაღლა იჭრება და მიზნისკენ ბევრად უფრო მაღალი სიჩქარით მიემართება.  

ტესტირება ჩრდილოეთ ატლანტიკაში, გერმანული სამხედრო ფრეგატიდან განხორციელდა. ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობამ წარმატებული გამოცდა თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკის გასაძლიერებლად გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა.  

გერმანიის მთავრობა ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ქვეყნის შორ მანძილზე მოქმედი მაღალი სიზუსტის შეიარაღებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების განახლებასა და გაფართოებას.