ბუნდესტაგში გამართულ კენჭისყრაზე არჩევნებში გამარჯვებული პარტია ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარემ, ფრიდრიხ მერცმა, პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მიიღო.
ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის და სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ შერჩეულმა და გერმანიის პრეზიდენტის მიერ ბუნდესტაგისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენილმა ფრიდრიხ მერცმა კენჭისყრისას 310 ხმა მიიღო 307 წინააღმდეგ, არჩევისთვის კი ბუდესტაგის სრული სიითი შემადგენლობის (630 დეპუტატი) აბსოლუტური უმრავლესობა (316 ხმა) იყო საჭირო.
სხდომას ცხრა დეპუტატი არ ესწრებოდა, სამმა თავი შეიკავა, ერთი ხმა კი ბათილად იქნა ცნობილი. ხმის მიცემის პროცესი ფარული იყო და შეუძლებელია დადგინდეს, ვინ მისცა ხმა მის წინააღმდეგ.
გერმანიის კონსტიტუციის თანახმად, მომდევნო 14 განმავლობაში კანცლერობის კანდიდატად შეიძლება წარდგენილი იქნეს ნებისმიერი პიროვნება (თუნდაც იგი არ იყო ბუნდესტაგის წევრი), რომელსაც ექნება ბუნდესტაგის წევრთა მეოთხედის ან ამავე ზომის საპარლამენტო ჯგუფის მხარდაჭერა. ამასთან, 14 დღის განმავლობაში დასაშვებია რამდენიმე კენჭისყრის ჩატარება.
თუ პრემიერ-მინისტრს ამ შემთხვევაშიც ვერ აირჩევენ, დაუყოვნებლივ უნდა შედგეს კიდევ ერთი კენჭისყრა და პრეზიდენტი დანიშნავს პრემიერ-მინისტრად მას,ვინც ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებს, მაგრამ თუ კენჭისყრის შედეგად გამარჯვებული უბრალო უმრავლესობით გამოვლინდება, პრეზიდენტს აქვს ორი ვარიანტი: დანიშნოს იგი პრემიერ-მინისტრად ან დაითხოვოს ბუნდესტაგი. ასეთ შემთხვევაში ახალი არჩევნები 60 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.
კონსტიტუციის თანახმად, გერმანიის პრემიერ-მინისტრი ოლაფ შოლცი პოსტს ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე ინარჩუნებს.
ბუნდესტაგში გამართული კენჭისყრის დასრულებისთანავე არჩევნებში მეორე ადგილზე გასული „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბუნდესტაგის დათხოვნის და ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა.