ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების აუცილებელი აბსოლუტური უმრავლესობა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების 95,3%-ის დამუშავების შემდეგ, სახელმწიფოს მოქმედი მეთაური ილიანა იოტოვა ხმების 34,6%-ს აგროვებს, ხოლო მეორე შედეგი პროდასავლელ ექსპრემიერ ანდრეი გიუროვს აქვს - 32%.
არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ მხოლოდ 22,2% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება აუცილებელ დონეს - 50%-ზე მეტს. მეორე ტური, სავარაუდოდ, 1 ნოემბერს გაიმართება.
მომავალ მეორე ტურს მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ დატვირთვას სძენს ბულგარეთის სიახლოვე უკრაინის საომარ მოქმედებებთან. მხოლოდ ოქტომბერში, ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროსთან, ოთხი სავაჭრო გემი, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის სამიზნე გახდა. სოფიის მახლობლად ცეცხლის წაკიდების შედეგად დაზიანდა Starlink-ის სადგური. იოტოვამ და ბულგარეთის მთავრობამ რუმენ რადევის ხელმძღვანელობით ამ ინციდენტებზე თავშეკავებული რეაგირება მოახდინეს, არ მისცეს რა მათ მკაფიო შეფასება და არ დაუსახელებიათ დამნაშავეები, რამაც ასევე იმოქმედა წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაზე.
საწყის ეტაპზე საპრეზიდენტო კამპანია ხასიათდებოდა იშვიათი მიტინგებით, ტელედებატების არარსებობითა და ორ ძირითად კანდიდატზე მრავალრიცხოვანი პირადი თავდასხმებით. თუმცა, ბოლო კვირებში წინა პლანზე წამოიწია არსებულმა განსხვავებებმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით.
იოტოვა ომის დიპლომატიური გზით დასრულების მომხრეა და ცდილობდა ამომრჩევლების დარწმუნებას, რომ ბულგარელ სამხედროებს უკრაინაში არ გაგზავნიან, თუმცა ეს საკითხი ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი არც ყოფილა. გიუროვი მანამდე უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა და კერძოდ, მთავრობის მეთაურის პოსტზე ყოფნისას, კიევთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი.




