ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა მხარი დაუჭირა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს — დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დადებულ რეზონანსულ დიზელის გარიგებას, იუწყება სააგენტო Euronews.
"იცით, რაში მდგომარეობს ახლა ჩვენი პრობლემა ევროპაში? საწვავის მაღალ ფასებში. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია საწვავის ფასების შემცირებისკენ და ჩვენი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფისკენ", — განმარტა თავისი პოზიცია რადევმა ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების ორდღიანი სამიტის კულუარებში.
გარდა ამისა, ბულგარეთის პრემიერმა გააკრიტიკა უკრაინის დარტყმები რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე, რომელთა დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენაც ტრამპმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა. "მე არ ვუჭერ მხარს დარტყმებს რომელიმე ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე. მე არ ვუჭერ მხარს დარტყმებს ნებისმიერ ენერგეტიკულ ობიექტზე — ისევე, როგორც არ ვუჭერ მხარს რუსულ თავდასხმებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რადგან ეს,საბოლოო ჯამში, ჩვენვე გვირტყამს", — ციტირებს რადევს Euronews.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვები ეწინააღმდეგება ევროკავშირის სხვა ლიდერების პოზიციას, რომლებმაც მკაცრად დაგმეს დიზელის გარიგება და მას "რისკიანი, საშიში და მცდარი" უწოდეს. მის განსახორციელებლად აშშ-მა შეამსუბუქა სანქციები რუსული დიზელის საწვავის იმპორტზე და მისი მიწოდება 2027 წლის აპრილამდე დაუშვა. "ჩვენ ძალიან ვწუხვართ დიზელის საწვავთან დაკავშირებული ამ შეთანხმების გამო. თუნდაც მოცულობა დიდი არ იყოს, ეს მაინც არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია", — აღნიშნა იმავე დღეს შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა ბრიუსელში.
სოფიამ უარი თქვა, მონაწილეობა მიეღო "მსურველთა კოალიციის" მუშაობაში, რომელიც უკრაინას რუსული აგრესიისგან დაცვაში მხარს უჭერს. "ბულგარეთის ადგილი იქ არ არის", — განაცხადა ეროვნული ტელევიზიის ეთერში ქვეყნის თანამდებობაზე ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა და ექსპრეზიდენტმა რუმენ რადევმა. მან აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან მიიღო მოწვევა "მსურველთა კოალიციაში" გაწევრიანებაზე, თუმცა, მისი აზრით, კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევა შეიარაღებულ კონფლიქტს ახანგრძლივებს, ხოლო ესკალაციის დასრულება მხოლოდ დიპლომატიური ძალისხმევით არის შესაძლებელი.
ბულგარეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მანამდე ევროკავშირისგან მოითხოვა, სოფიას "ეროვნული ინტერესების დასაცავად", სანქციები არ დაეწესებინათ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ პატრიარქ კირილესა და "ლუკოილის" ყოფილი პრეზიდენტის, ვაგიტ ალექპეროვის წინააღმდეგ. 18 ივნისს ევროპული საბჭოს სხდომაზე, რომელშიც რადევი პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად მონაწილეობდა, განაცხადა, რომ სოფია ვეტოს დაადებდა სანქციების 21-ე პაკეტს, თუ პატრიარქ კირილესა და ალექპეროვს შავი სიიდან არ ამოიღებდნენ.




