ბულგარეთი ევროპის ერთიან ვალუტაზე 2026 წლის იანვარში შეძლებს გადასვლას. სამშაბათს, 8 ივლისს, ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ბრიუსელში საჭირო სამართლებრივი აქტები გააფორმეს. ამით ევროკავშირმა ბულგარეთის ევროზონაში მიღებაზე საბოლოო თანხმობა განაცხადა და ის ერთიანი ვალუტის ზონის 21-ე ქვეყანა გახდება.

1 იანვრიდან ბულგარეთი ეროვნულ ვალუტას ლევს ევროთი ჩაანაცვლებს. გაცვლითი კურსი დადგენილია 1,95583 ლევი - 1 ევროზე.

ივნისის დასაწყისში ევროკომისიამ ბულგარეთის ევროზონაში გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადა. ქვეყანამ შეასრულა საჭირო კრიტერიუმები და "დაიმკვიდრებს თავის კანონიერ ადგილს ევროზონის ძირითადი გადაწყვეტილებების ფორმირებაში", განაცხადა ბრიუსელის უწყებამ. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) ასევე მიიჩნია, რომ ბულგარეთის ეკონომიკა საკმარისად იყო მომზადებული ევროზე გადასასვლელად. სოფიის მთავრობამ კოლოსალური ძალისხმევა გასწია საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, განმარტა ევროპის ცენტრალური ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ფილიპ ლეინმა. ივნისის შუა რიცხვებში ევროჯგუფის წევრებმა ბულგარეთს ევროპის ქვეყნების გაერთიანებაში გაწევრიანება ურჩიეს.

ბულგარეთი რამდენიმე წლის წინ ცდილობდა ევროს შემოღებას, მაგრამ ვერ შეძლო მაღალი ინფლაციის გამო, რადგან ევროზონაში გაწევრიანების ერთ-ერთი კრიტერიუმია "ფასების სტაბილურობა". 2024 წელს ბულგარეთში ინფლაციის მაჩვენებელი 2,7 პროცენტი იყო, რაც ოდნავ ჩამოუვარდება საჭირო მაჩვენებელს. ბულგარული ლევი 2020 წლიდან მიბმულია ევროსთან სავალუტო კურსის მექანიზმით.

ევროზე გადასვლის გეგმები ბულგარეთში მასობრივი პროტესტის ფონზე ხორციელდება. პრორუსულმა და ნაციონალისტურმა ძალებმა, რომლებიც ევროზონაში შესვლას ეწინააღმდეგებიან, 8 ივლისს ახალი საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდეს. 2025 წლის დასაწყისიდან ბულგარეთი ასევე შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრია.