ბოსნია და ჰერცეგოვინაში ცენტრალური და ორი რეგიონული პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. სერბულ და ხორვატულ-მუსლიმურ ნაწილებად დაყოფილი ქვეყნის მოქალაქეები კვირას, 4 ოქტომბერს, ასევე ირჩევენ უპირატესად მუსლიმური ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაციისა და სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტებს, სადაც უმრავლესობას ეთნიკური სერბები შეადგენენ.
გარდა ამისა, ქვეყნის მოქალაქეები ირჩევენ ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმს, რომლის შემადგენლობაში შედის სამი წევრი - ხორვატი, ბოსნიელი მუსლიმი და სერბი. საარჩევნო უბნები ბერლინის დროით 19 საათამდე იქნება ღია, პირველ შედეგებს სარაევოში გვიან საღამოს ელიან. ხმის მიცემის უფლებით დაახლოებით 3,4 მილიონი მოქალაქე სარგებლობს.
AP-ის ცნობით, ბევრ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი დროულად ვერ დაიწყო ციფრული ხმის მიცემის ახალ ტექნოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ეს ზომა შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებული შიშების აღმოსაფხვრელად იქნა შემოღებული.
არჩევნების მთავარ ინტრიგას წარმოადგენს კენჭისყრის შედეგი ქვეყნის სერბულ ნაწილში, სადაც ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ბრანკო ბლანუშამ შესაძლოა, გამარჯვება მოიპოვოს მოქმედ პრემიერ-მინისტრ სავო მინიჩზე, რომელსაც მხარს უჭერს სერბთა რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი მილორად დოდიკი.
სეპარატისტი და ნაციონალისტი დოდიკი, რომელიც 2025 წელს უფლებამოსილების გადამეტების გამო სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტიდან გადააყენეს, არჩევნებში უშუალოდ არ მონაწილეობს. მიუხედავად ამისა, რუსეთის მტკიცე მხარდამჭერი საკვანძო როლს ასრულებდა ბოსნია და ჰერცეგოვინაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში, აღვივებდა რა უთანხმოებებს და იწვევდა შიშებს არასტაბილურობის ახალი ტალღის შესახებ, - წერს AP.
როგორც AFP შეგვახსენებს, ამ ბალკანური სახელმწიფოს რთული და ნაკლებად ეფექტიანი პოლიტიკური სისტემა 1995 წლის დეიტონის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. ეს შეთანხმება აშშ-ის შუამავლობით დაიდო ბოსნიელ მუსლიმებს, მართლმადიდებელ სერბებსა და კათოლიკე ხორვატებს შორის ეთნიკური წინააღმდეგობების მოსაგვარებლად და წერტილი დაუსვა 1990-იანი წლების იუგოსლავიის სამოქალაქო ომს, რომელმაც 100 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.




