უკრაინის დახმარების პაკეტის განხილვა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა ქვედა პალატაში შესაძლოა კიდევ რამდენიმე კვირით გადაიდოს. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ცოტა ხნის წინ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ კონგრესი უკრაინის საკითხის განხილვას სააღდგომო არდადეგების დასრულების (9 აპრილი) შემდეგ მალევე დაუბრუნდებოდნენ. ამის შესახებ განაცხადა, კონგრესის სპიკერმა მაიკ ჯონსონმაც. 

თუმცა, გამოცემის წყაროების ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საკითხზე კენჭისყრა აპრილის შუა რიცხვებამდე გაიმართოს და შესაძლოა ეს ვადები კიდევ უფრო გაჭიანურდეს. 

წყაროს ცნობით, ამის მიზეზი ის არის, რომ მაიკ ჯონსონი ჯერ კიდევ ცდილობს უკრაინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ რესპუბლიკელებთან მოლაპარაკებას. 

"ჯონსონის აპარატს რესპუბლიკელებისთვის არ წარმოუდგენიათ არანაირი კონკრეტული გეგმა და მოსალოდნელია, რომ ჯერ მათ არ გადაუწყვეტიათ თუ რა დათმობებს მოითხოვენ ბაიდენის ადმინისტრაციისგან სანაცვლოდ",- ნათქვამია მასალაში. 

ამ ვითარების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ უკრაინის საკითხზე კენჭისყრა მომდევნო კვირას არ გაიმართება.