რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის დათანხმდეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, იუწყება Bloomberg მოსკოვში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით.

მათივე თქმით, კრემლის წინადადება ამერიკულ დელეგაციას საუდის არაბეთში თებერვალში გამართულ მოლაპარაკებებზე გადაეცა.

პუტინი მოითხოვს, რომ ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, უნდა არსებობდეს მკაფიო გაგება უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების პრინციპების შესახებ, ისევე როგორც სამშვიდობო მისიის, რომელიც გაიგზავნება კონფლიქტის ზონაში, აცხადებენ Bloomberg-ის წყაროები.

სააგენტოს წყაროების ცნობით, მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს იმ ქვეყნების შერჩევას, რომლებიც სამშვიდობო კონტინგენტში მიიღებენ მონაწილეობას. კერძოდ, კრემლი არ აპროტესტებს ჩინეთის ან სხვა „ნეიტრალური“ სახელმწიფოების მიერ სამშვიდობოების გაგზავნას. რუსეთისთვის მიუღებელი რჩება ნატოს სამშვიდობო ძალების, კერძოდ, საფრანგეთისა და ბრიტანეთის მიერ მომზადებული ევროპული კონტინგენტის მონაწილეობა.

როგორც იუწყებიან, ამერიკული დელეგაცია გეგმავს შესაძლო "გარიგების" უკრაინასთან განხილვას საუდის არაბეთში მოლაპარაკებებზე, რომელიც 11 მარტს გაიმართება.

3 მარტს შეერთებულმა შტატებმა შეუჩერა სამხედრო მიწოდება უკრაინას, ასევე შეწყვიტა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, , მათ შორის HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების (MLRS) დამიზნებისთვის. ვაშინგტონმა ასევე გააუქმა მონაცემების გადაცემის ნებართვა მისი ევროპელი პარტნიორებისგან, მათ შორის დიდი ბრიტანეთისგან. ხოლო 7 მარტს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს წვდომა Maxar Technologies-ის სატელიტურ სურათებზე.

ამის საპასუხოდ, რუსეთის არმიამ გააძლიერა თავდასხმები უკრაინაზე, გაანადგურა გაზის ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკული სისტემები და განაგრძო დარტყმა სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის სასტუმრო კრივოი-როგში, სადაც მოხალისეები იყვნენ გაერთიანებული სამეფოდან და აშშ-დან. კრემლის საქციელმა გააბრაზა ტრამპი, განუცხადა Axios-ს თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა. პარასკევს ტრამპმა პირველი საჯარო მუქარა გააჟღერა რუსეთის წინააღმდეგ თანამდებობის დაკავების შემდეგ.