ევროკავშირს სურს, რუსული გაზი აზერბაიჯანულით შეცვალოს, – იტყობინება Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ევროპისკენ უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის თაობაზე ხელშეკრულება წლის ბოლოს იწურება.
როგორც Bloomberg იუწყება, რუსეთის გაზის აზერბაიჯანულით შესაძლო შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე ვერ მიიღებენ. შეთანხმებაზე შეიძლება, ბრძოლის ველზე არსებულმა ვითარებამაც იმოქმედოს.
ევროპაში რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტის შეთანხმება 2019 წელს გაფორმდა. დღეს მისი უმთავრესი მომხმარებლები ავსტრია და სლოვაკეთი არიან. უკრაინა "გაზპრომთან" შეთანხმების გაგრძელებას არ გეგმავს. კიევი აცხადებს, რომ ევროპის ფირმებს შეუძლიათ, უკრაინის ინფრასტრუქტურა დაიქირაონ.