აშშ ისრაელზე ირანის სარაკეტო დარტყმას უახლოეს დღეებში პროგნოზირებს, – იუწყება Bloomberg ამერიკისა და ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
"შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს მიაჩნიათ, რომ ირანის ან მისი მარიონეტების მიერ ისრაელის სამხედრო და სამთავრობო ობიექტებზე სარაკეტო ან დრონებით დარტყმები გარდაუვალია", – იტყობინება გამოცემა.
Bloomberg–ს ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, რომ ამერიკის და ისრაელის დაზვერვის შეფასებებიდან გამომდინარე, საქმე უფრო ეხება იმას, თუ როდის მოხდება თავდასხმა, ვიდრე იმას, მოხდება თუ არა ეს თავდასხმა.
"დასავლეთის ქვეყნების, კერძოდ, შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემებით, ირანისა და მისი მარიონეტების თავდასხმა შესაძლოა სულაც არ მოხდეს ისრაელის ჩრდილოეთიდან, სადაც ლიბანში „ჰეზბოლა“ მოქმედებს", – იუწყება Bloomberg.
1 აპრილს ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ირანელი სამხედრო მეთაურები. მიიჩნევენ, რომ თავდასხმის უკან ისრაელი დგას, თუმცა მას პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმა ირანზე თავდასხმის ტოლფასია. „ბოროტი რეჟიმი უნდა დაისაჯოს და დაისჯება კიდეც“, - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.