როგორ ეხმარება დასავლეთი რუსეთს უკრაინასთან ომის დაფინანსებაში – ამ სათაურით სტატიას „ბიბისი“ აქვეყნებს. სტატიაში წერია, რომ რუსეთი მილიარდობით დოლარს შოულობს დასავლეთში წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან, რაც მას უკრაინაში ომის დაფინანსებაში ეხმარება.

„2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთმა ნახშირწყალბადების ექსპორტით სამჯერ მეტი თანხა გამოიმუშავა, ვიდრე უკრაინამ მოკავშირეების მიერ გამოყოფილი დახმარების სახით მიიღო. BBC-ის მიერ განახლებული მონაცემები აჩვენებს, რომ უკრაინის დასავლელმა მოკავშირეებმა რუსეთს ნახშირწყალბადებში უფრო მეტი გადაუხადეს, ვიდრე უკრაინას დახმარების სახით გაუწიეს“, – წერია სტატიაში.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი რუსეთის საომარი მანქანის შენარჩუნების გასაღებია. ნავთობი და გაზი რუსეთის სახელმწიფო შემოსავლების თითქმის მესამედს და ექსპორტის 60%-ზე მეტს შეადგენს.

2022 წლის თებერვალში შეჭრის შემდეგ, უკრაინის მოკავშირეებმა რუსეთის ნახშირწყალბადებზე სანქციები დააწესეს. აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა აკრძალეს რუსული ნავთობი და გაზი, ხოლო ევროკავშირმა აკრძალა რუსული საზღვაო ნედლეულის იმპორტი, მაგრამ არა გაზი. ამის მიუხედავად, ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) მონაცემებით, 29 მაისისთვის რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული, წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან 883 მილიარდ ევროზე მეტი (973 მილიარდი აშშ დოლარი; 740 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) შემოსავალი მიიღო, მათ შორის 228 მილიარდი ევრო სანქციების დამდგენმა ქვეყნებმა.

„ბიბისი“ აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოები რუსეთიდან მილსადენებით გაზის პირდაპირ იმპორტს განაგრძობდნენ, ვიდრე უკრაინა 2025 წლის იანვარში ტრანზიტს არ შეწყვეტდა, ხოლო რუსული ნედლი ნავთობი მილსადენებით კვლავ უნგრეთსა და სლოვაკეთში მიეწოდება.

„ბიბისის“ ცნობით, რუსეთის შეფასებით, ევროპაში გაზის ექსპორტი 2024 წელს 20%-მდე გაიზარდა, ხოლო თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. CREA-ს ცნობით, ამჟამად, რუსეთის თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის ნახევარი ევროკავშირში გადის. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი აცხადებს, რომ ალიანსმა რუსეთის ნავთობსა და გაზზე „ყველაზე მკაცრი სანქციები“ იმიტომ არ დააწესა, რომ ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს კონფლიქტის ესკალაციის ეშინია და მათი შეძენა „მოკლევადიან პერიოდში უფრო იაფია“.

თარგმანი: პირველი არხი