ისრაელი ირანის მხრიდან თავდასხმისთვის ემზადებოდა, ვინც გვავნებს, იმას ვავნებთ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ გაშვებულ დრონებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ბოლო წლებში და განსაკუთრებით ბოლო კვირებში, ისრაელი ირანის მხრიდან პირდაპირი თავდასხმისთვის ემზადებოდა… ჩვენი თავდაცვის სისტემები მზადაა; მზად ვართ ნებისმიერ სცენარისთვის, როგორც თავდაცვის მხრივ, ასევე შეტევის მხრივ. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ისრაელის თავდაცვის ძალები ძლიერია. საზოგადოება ძლიერია”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მან აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და სხვა მოკავშირეებს ისრაელის გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„მკაფიო პრინციპი ჩამოვაყალიბეთ: ვინც გვავნებს, იმას ვავნებთ. საკუთარ თავს ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ დავიცავთ და ამას მშვიდად და მონდომებით ვიზამთ”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დრონებისა და რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე.