ამის შესახებ "აიპრესთან" ინტერვიუში, ბელგიის ელჩმა მიშელ პეტერმანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ტურისტებისთვის მრავალმხრივ საინტერესო ქვეყანაა. 

"დიახ, მე საქართველოს იქამდე ვიცნობდი, სანამ დავინიშნებოდი საქართველოში აკრედიტებულ ელჩად. სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტისას მე მქონდა შესაძლებლობა დამეგემოვნებინა თქვენი სამზარეულო ქართულ რესტორნებში. ასე რომ, მე ძალიან კარგად ვიცნობ ხინკალს, ხაჭაპურს, სუპხარჩოს და კიდევ სხვა ბევრ ქართულ კერძს. ასევე, თქვენი სპეციფიკური სოუსებიც ვიცი." - განაცხადა ელჩმა.

როგორც მან ინტერვიუში აღნიშნა, ბელგია - საქართველოს შორის არაერთი საინტერესო პროექტია დაგეგმილი.

მიშელ პეტერმანი: ტურიზმი საქართველოსთვის არის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება ქვეყნის განვითარებისათვის. მაგრამ, ასევე არ შეიძლება მხოლოდ ტურიზმის იმედზე ვიყოთ. რადგანაც ბევრი ტურისტია საქართველოში, შესაძლებელია რომ მალე ახალი პირდაპირი ფრენა გაჩნდეს ბრიუსელი-თბილისის მიმართულებით. აგრეთვე, ვფიქრობ იქნება ახალი მიმართულება შარლლერუას აეროპორტიდან ქუთაისში, იმ ტურისტებისათვის ვინც უფრო დაინტერესებულია საქართველოს დასავლეთ ნაწილით. ვიცით რომ ამ მიმართულებით კიდევ უნდა გაძლიერდეს ჩვენი ურთიერთობები.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ როდესაც ბევრი ტურისტის შემოდინება ხდება ქვეყანაში, საკონსულოებსაც ემატებათ საქმე. ჩვენ ასევე გვაქვს, ქართველი სტუდენტების მომართვიანობა, რომლებიც სასწავლებლად მიემგზავრებიან ბელგიაში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ყველა ეს ურთიერთობა და კავშირები უფრო და უფრო მყარდება და ვითარდება.