ბელგია აუქმებს 2003 წლის კანონს ბირთვულ ენერგიაზე თანდათანობით უარის და 2025 წლისთვის სრული აკრძალვის შესახებ. ბელგიური პრესის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ნაწილობრივ განპირობებულია ელექტროენერგიაზე ფასების ზრდით, რაც, თავის მხრივ, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგია.
ბელგიის ახალი მთავრობა მიზნად ისახავს ბირთვული სიმძლავრის 4 გიგავატზე, ანუ ქვეყნის მთლიანი ელექტროენერგიის გამომუშავების დაახლოებით 42%-ზე შენარჩუნებას, რაც შესაძლებელი იქნება არსებული რეაქტორების გაფართოებით და ახლებში ინვესტიციების განხორციელებით.
ბელგიის შვიდი ბირთვული რეაქტორიდან სამი უკვე დაიხურა და კიდევ ორი მალე დაიხურება, თუმცა Doel 4-ის და Tihange 3-ის ექსპლუატაცია 2025 წლის შემდეგაც გაგრძელდება, რადგან ისინი „ჯერ კიდევ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების სტანდარტებს“.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის კიდევ ერთი ქვეყანა, დანია, რომელიც თავის ელექტროენერგიის 80%-ზე მეტს ენერგიის განახლებადი წყაროებიდან იღებს, ასევე აპირებს გადახედოს ტრადიციული ბირთვული რეაქტორების 40 წლის წინანდელ აკრძალვას და გააანალიზოს თანამედროვე ბირთვული ენერგეტიკული ტექნოლოგიების პოტენციური უპირატესობები.
ენერგეტიკის და კლიმატის მინისტრის, ლარს ააგარარდის თქმით, დანიას შეუძლია მოდულურ ბირთვულ რეაქტორებში ინვესტიციების განხორციელება.
დანიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ოთხშაბათს Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ბირთვული ენერგიის „სასაცილო“ აკრძალვის გაუქმებას.
„ქარი და მზე კარგია მანამ, სანამ ქარი და მზე გაქვს. თუმცა, უნდა გქონდეს საბაზისო ენერგიის წყარო და აბსურდულია ატომური ენერგიაზე უარი“ - ანდერს ფოგ რასმუსენი.