ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, დროებითი ბიუჯეტი, რომელიც არ მოიცავს უკრაინის დახმარებას აშშ-ს გრძელვადიან გეგმებზე არ იმოქმედებს. 

"მინდა ვუთხრა ამერიკის მოკავშირეებს, ამერიკელ ხალხს და ხალხს უკრაინაში - შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. ჩვენ არ მიგატოვებთ",- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას მხარს უჭერს ორივე პარტიის უმრავლესობა - ბაიდენმა კონგრესმენებზე მოუწოდა "შეეწყვიტათ თამაში."

30 სექტემბერს ე.წ. შათდაუნის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა კონგრესისა და სენატის მიერ შეთანხმებულ 45-დღიან, დროებით ბიუჯეტს.

დამტკიცებული პროექტი რესპუბლიკური პარტიის მიერ იყო წარდგენილი და მასში არ შედიოდა უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილი 6 მილიარდი დოლარი, რომელსაც თეთრი სახლი ითხოვდა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ აშშ-მ ჯამურად უკრაინას 45 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო, მაკროფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.