აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის, „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ ლიდერს, ალი ქარიმლის თებერვლის შუა რიცხვებამდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაყენების მიზნით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული, ბრალდებებს უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

რაც შეეხება, იგივე ბრალდებით დაკავებულ „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის“ პრეზიდიუმის წევრ მამედ იბრაჰიმს, მას 13 თებერვლამდე წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ალი ქარიმლის სახლში ჩხრეკა შაბათს ჩაატარა, რის შემდეგაც ის და პარტიის კიდევ ორი წევრი დააკავეს. „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის“ ლიდერს ბრალი წაუყენეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 278.1 მუხლით (მოქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს ძალაუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდებას და სახელმწიფოს კონსტიტუციური სტრუქტურის ძალადობრივ შეცვლას). იგივე ბრალდება წარუდგინეს „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის“ პრეზიდიუმის წევრს, მამედ იბრაჰიმს. ალი ქარიმლისა და მამედ იბრაჰიმის სახლების ჩხრეკა და დაკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რამიზ მეჰდიევის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, რამიზ მეჰდიევს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 278.1 (სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით განხორციელებული ქმედებები), 274-ე (ღალატი) და 193-1.3.2 (დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაცია) მუხლებით.

თარგმანი: პირველი არხი