აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან 20 სექტემბერს გამართული სატელეფონო საუბრისას მას რამდენჯერმე სთხოვა, შეეწყვიტა დარტყმები რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე, იტყობინება Axios წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, საუბრისას "სიტყვა "დიზელი" ბევრჯერ გაჟღერდა". როგორც Axios წერს, უკრაინული დარტყმები რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე დიზელის საწვავის მსოფლიო ფასების ზრდას უწყობს ხელს.
ზელენსკის საჯაროდ არ უხსენებია რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტის თხოვნა. საუბრის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ ნიუ-იორკში ტრამპთან შეხვედრაზე შეთანხმდა.
"მნიშვნელოვანი საუბარია და ბევრი რამის განხილვა მოვასწარით. შევთანხმდით ნიუ-იორკში შეხვედრაზე და ამ შეხვედრას ბევრის შეცვლა შეუძლია. დიპლომატიური დინამიკა არსებობს", – თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტების შეხვედრა 22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში იგეგმება, წერს Axios.




