Axios-ის ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული შეტევა რვა თვის განმავლობაში საიდუმლოდ მზადდებოდა.
გამოცემა ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ოპერაცია მხოლოდ საჰაერო დარტყმებით არ შემოიფარგლება და მოსადის წარმომადგენლები ადგილობრივ დონეზე სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემების წინააღმდეგ დივერსიულ ოპერაციებს ხელმძღვანელობენ.
ისრაელელი მაღალჩინოსნების განცხადებით, ისრაელს აქვს დამატებითი გეგმები და შესაძლოა მომავალ დღეებში სამიზნეებზე შეტევა გაგრძელდეს.
ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით "აღმავალი ლომი" დაიწყო, რომლის ფარგლებში ირანის ტერიტორიაზე ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად 200-მდე ავიაგამანადგურებელი გაიგზავნა.
"რამდენიმე წუთის წინ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია "ამომავალი ლომი". ოპერაცია გაგრძელდება იმდენ დღეს, რამდენიც ამ საფრთხის მოსახსნელად იქნება საჭირო". - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, უკანასკნელ წლებში ირანმა იმ რაოდენობის გამდიდრებული ურანის წარმოება შეძლო, რომელიც ცხრა ბირთვული ბომბისთვის იყო საკმარისი.