აშშ-ის არმიის ყოფილი მაიორის, ნიდალ მალიკ ჰასანის სიკვდილით დასჯა, რომელმაც 2009 წელს ფორტ-ჰუდის სამხედრო ბაზაზე 13 ადამიანი მოკლა, პირდაპირ ეთერში ტრანსლირდება. ამის შესახებ Reuters პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

დახვრეტით სიკვდილით დასჯა 3 დეკემბერს, ტეხასში, ფორტ-ჰუდის ბაზაზე გაიმართება. ჰასანი 1945 წლის შემდეგ პირველი მსჯავრდადებული იქნება, რომელსაც ამერიკელი სამხედროები დახვრეტით დასჯიან, აღნიშნავს Reuters. "მომწონს ის განწყობა, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს გვქონდა", - ციტირებს სააგენტო AFP აშშ-ის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეტს.

56 წლის ჰასანის დახვრეტის წინადადება აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეტმა წამოაყენა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი მას მხარი დაუჭირა. როგორც AFP იუწყება, ერთ-ერთ ინტერვიუში ჰეგსეტმა განაცხადა: "ჰასანს ელის ჯარისკაცების მიერ დახვრეტა და ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ხალხმა შეძლოს ამის ნახვა, რათა სიკვდილით დასჯა საჯარო იყოს".

პალესტინური წარმოშობის ამერიკელმა ნიდალ ჰასანმა 2009 წლის 5 ნოემბერს შეძახილებით "ალაჰუ აკბარ!" ცეცხლი გაუხსნა ფორტ-ჰუდის ბაზაზე სამედიცინო შემოწმებისთვის შეკრებილ უიარაღო თანამსახურეებს. საპასუხო ცეცხლით ჰასანი დაიჭრა და მას შემდეგ მისი ფეხები პარალიზებულია. საკუთარი ქმედება სამხედრო ექიმმა ავღანეთში მუსლიმების ამერიკელი ჯარისკაცებისგან დაცვის სურვილით ახსნა.

2013 წელს მაიორი ჰასანი დამნაშავედ ცნეს 32-ივე ბრალდებით, სამხედრო ტრიბუნალმა ოთხსაათიანი თათბირის შემდეგ მას ერთხმად მიუსაჯა სიკვდილით დასჯა. სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია, რომ დანაშაული ტერორისტული ქსელის, "ალ-ქაიდას" იდეოლოგიით იყო შთაგონებული.

ნიდალ ჰასანმა განაჩენი აბსოლუტურად მშვიდად მოისმინა. პროცესის განმავლობაში მას თავისი დანაშაული არასდროს გაუპროტესტებია, უარი თქვა ადვოკატებზე და თავს თავად იცავდა, თუმცა სასამართლოში მის სასარგებლოდ არანაირი მოწმე ან ჩვენება არ წარუდგენია. კანონით იძულებით დანიშნულმა ადვოკატებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ჰასანი განზრახ ცდილობდა სასიკვდილო განაჩენის მიღებას. მას შემდეგ ის კანზასის შტატის სამხედრო ციხეში იმყოფება.

როგორც სააგენტო AFP აღნიშნავს, 2025 წლის დასაწყისში თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნების შემდეგ, აშშ-ში აღსრულებული სასიკვდილო განაჩენების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. დახვრეტა, როგორც სიკვდილით დასჯის მეთოდი, სასამართლოს გადაწყვეტილებით ხუთ შტატშია დაშვებული.