აშშ-მა სანქციები დაუწესა 400-მდე იურიდიულ და ფიზიკურ პირს ათზე მეტ ქვეყანაში.

საფუძველი, ვაშინგტონის თქმით, რუსეთისთვის მოწინავე ტექნოლოგიების მიწოდებაა, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომში გამოიყენება.

სანქციები და სხვა სახის შეზღუდვები ერთდროულად გამოცხადდა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ვაჭრობის სამინისტროს განცხადებებში.

ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა 274 სუბიექტს, სახელმწიფო დეპარტამენტმა 120-ზე მეტს, ვაჭრობის სამინისტრომ კი სავაჭრო შეზღუდვები დაუწესა 40 კომპანიასა და კვლევით ინსტიტუტს.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უოლი ადიემომ თქვა, რომ მასშტაბური სანქციები ცხადყოფს, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები "გააგრძელებენ მტკიცე ზომების მიღებას მთელს მსოფლიოში, რათა შეაჩერონ იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების მიმოსვლა, რომლებიც რუსეთს სჭირდება უკრაინის წინააღმდეგ თავისი უკანონო და ამორალური ომის საწარმოებლად".