აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებებს ირანთან მიმართებით ზღუდავს. კანონპროექტის თანახმად, პრეზიდენტს ეკრძალება ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება კონგრესის წინასწარი თანხმობის გარეშე.

აღნიშნული ინიციატივა სენატში მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ირანელ გენერალ ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ რეგიონში დაძაბულობამ პიკს მიაღწია. დოკუმენტის ავტორების განცხადებით, კონგრესმა უნდა დაიბრუნოს თავისი კონსტიტუციური უფლება ომსა და მშვიდობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.

რეზოლუცია არ ზღუდავს პრეზიდენტის უფლებას, მიიღოს ზომები აშშ-ის წინააღმდეგ დაუყოვნებელი თავდასხმის ან საფრთხის შემთხვევაში, თავდაცვის მიზნით.

კენჭისყრა გახდა ერთგვარი დემარში თეთრი სახლის პოლიტიკის წინააღმდეგ, სადაც ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის ქმედებებმა რეგიონი ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ზღვარზე დააყენა.

თეთრმა სახლმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ მსგავსი რეზოლუციები აზიანებს ქვეყნის უსაფრთხოებას და პრეზიდენტის შესაძლებლობას, დროულად და ეფექტურად უპასუხოს არსებულ საფრთხეებს. მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ტრამპი დოკუმენტს ვეტოს დაადებს, ხოლო კონგრესს ვეტოს დასაძლევად ხმების საჭირო რაოდენობა, სავარაუდოდ, არ ეყოფა.

მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუციის პრაქტიკული იმპლემენტაცია დაბრკოლებებს წააწყდება, კენჭისყრის შედეგები მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილად რჩება აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი.