აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფისკალური გამჭვირვალობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში (Fiscal Transparency Report) გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომლებიც აშშ-ის მთავრობის მიერ დაწესებულ ფისკალური გამჭვირვალობის ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

ანგარიში აფასებს იმ სახელმწიფოების ფინანსურ მართვასა და გამჭვირვალობას, რომლებიც აშშ-ისგან უცხოური დახმარების სახით ფინანსურ რესურსებს იღებენ.

შეფასებისას ყურადღება ექცევა ბიუჯეტის პროექტის დროულად გამოქვეყნებას, მთავრობის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ძირითადი მონაცემების ხელმისაწვდომობას, ასევე სახელმწიფო ფინანსების მართვის სისტემების სანდოობას.

სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველომ ფისკალური გამჭვირვალობის მიმართულებით აუცილებელი მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილა, რაც ხელს უწყობს საჯარო ფინანსების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობასა და მთავრობის ანგარიშვალდებულებას.