აშშ-ის სენატმა 12 თებერვალს ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი საკამათო კანდიდატი, ტულსი გაბარდი ხმების ვიწრო უპირატესობით დაამტკიცა.

სენატმა გადაწყვეტილება 52 ხმით მიიღო, ხოლო 48 წინააღმდეგი იყო.

BBC-ის ცნობით, ყოფილი დემოკრატი კონგრესმენის კანდიდატურის მიმართ აზრი ორად არის გაყოფილი, ნაწილი მის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. გაბარდის მიმართ არსებობდა ეჭვები, რომ ის ამართლებდა ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრას, რაც მან სენატში მოსმენისას უარყო.

გაბარდმა დემოკრატიული პარტია 2022 წელს, კონგრესში ჰავაის 8-წლიანი წარმომადგენლობის შემდეგ დატოვა.

ტულსი გაბარდი 2020 წელს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა პრაიმერის განმავლობაშივე კანდიდატურა მოხსნა.