არგენტინის ქალაქ კორდობას პროვინციაში უპრეცედენტო და ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. 42 წლის გამოცდილი ფრენის ინსტრუქტორი, ლეანდრო ბერტაცო, სასწავლო ფრენის დროს Cessna 150-ის ტიპის თვითმფრინავიდან გადახტა და დაიღუპა.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ინსტრუქტორმა თავის 22 წლის მოსწავლეს, როსარიოს, უთხრა: "შენ იცი, რა უნდა გააკეთო, გააგრძელე". ამის შემდეგ მან მოიხსნა ყურსასმენები, გაასწორა პირადი ნივთები, შეიხსნა ღვედი, გააღო კარი და თვითმფრინავიდან გადმოხტა.
თვითმხილველთა თქმით, 22 წლის გოგონამ, რომელიც ფრენისას სალონში მარტო დარჩა, შოკური მდგომარეობის მიუხედავად, სიმშვიდე შეინარჩუნა. მან მოახერხა თვითმფრინავის კონტროლი, დაუკავშირდა სამსახურებს და აეროდრომზე ავარიული დაჯდომა განახორციელა. სწორედ მის მიერ მითითებული კოორდინატების საფუძველზე შეძლეს სამძებრო ჯგუფებმა ინსტრუქტორის ცხედრის პოვნა ქალაქ ტოლედოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
ამჟამად საქმეს ფედერალური სასამართლო იძიებს. წინასწარი მონაცემებით, ინსტრუქტორი, შესაძლოა, ფსიქიკურ პრობლემებს ებრძოდა, თუმცა გამოძიება განიხილავს როგორც უბედური შემთხვევის, ასევე განზრახ ქმედების ვერსიას. ავიასკოლის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ინსტრუქტორი პროფესიონალი და პოზიტიური ადამიანი იყო და მომხდარმა მთელი საავიაციო საზოგადოება შოკში ჩააგდო.




