უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის ყოფილი მოადგილე ალექსეი არესტოვიჩი შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, რის შესახებაც მან "ინტერფაქს-უკრაინას" განუცხადა.
მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 2024 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს, თუმცა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საომარი ვითარების დროს მსგავსი ღონისძიებების ჩატარება იკრძალება. საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე ხელისუფლებას ჯერ მიღებული არ აქვს.
გასულ ოთხშაბათს არესტოვიჩმა ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა რეფორმების შესახებ საკუთარი წინადადებები გამოაქვეყნა და იქვე განმარტა, რომ ეს "დისკუსიის დასაწყებად" გააკეთა: "ეს - იმისთვის, რომ ჩემი ინიციატივები დაიხვეწოს და სრულფასოვან წინასაარჩევნო პროგრამად იქცეს. ჩემი წინადადებები შესაბამისად გადამუშავდება მას შემდეგ, რაც გავითვალისწინებ სპეციალისტების რჩევებს, კრიტიკასა და მოსაზრებებს" - დაწერა არესტოვიჩმა.
მისი პროგრამა ამ ეტაპზე 14 პუნქტს მოიცავს. ერთ-ერთი მათგანი რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებს ეხება. არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ უკრაინამ ამ ტერიტორიების საომარი გზით დაბრუნებაზე უარი უნდა თქვას, თუკი ქვეყანას NATO-ში მიიღებენ. "მივმართავ კოლექტიურ დასავლეთს: ჩვენ მზად ვართ ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰენრი კისინჯერის ვარიანტისთვის და მოვითხოვთ NATO-ში გაწევრიანებას ვალდებულებით, არ ვეცადოთ ოკუპირებული ტერიტორიების საომარი გზით დაბრუნება, არამედ ამას შემდგომში პოლიტიკური გზით მივაღწიოთ" - წერს არესტოვიჩი.
არესტოვიჩის განცხადებებს უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტის ოფისი, სადაც განაცხადეს: "ამ პერსონაჟის არათუ აზრის გათვალისწინება, არამედ ხსენებაც კი არ ღირს. მას, როგორც ჩანს, პოლიტიკურ მოღვაწეობაზე გაუჩნდა პრეტენზია. უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი, რაც სადღეისოდ ქვეყანაში ხდება, ეს რუსეთის გენოციდური აგრესიისგან თავდაცვაა. თუ გარკვეულმა პერსონაჟებმა "ზუსტად იციან", როგორ უნდა ვიომოთ, მაგრამ თავად ამ დროს მხოლოდ ერთ ფრონტზე ომობენ - იუთუბში ლაქლაქით, ისინი არავის ყურადღებას იმსახურებენ".