სიტუაციაში ჩახედული სამი წყაროს ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ორშაბათს ისრაელს სთხოვა, არ განახორციელოს შემდგომი დარტყმები ირანის ენერგეტიკულ სექტორზე, განსაკუთრებით ნავთობის ინფრასტრუქტურაზე, - წერს „აქსიოსი“.

აშშ-ს მოთხოვნა პირველი შემთხვევაა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ შეზღუდა ისრაელის ქმედებები მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ ათი დღის წინ ირანის წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია დაიწყო.

ისრაელის დარტყმებმა თეირანი, 10 მილიონიანი ქალაქი, ტოქსიკური შავი კვამლითა და მჟავური წვიმით მოიცვა, რამაც რიგითი ირანელების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასწრაფო გაფრთხილებები გამოიწვია.

ისრაელელი ჩინოვნიკის თქმით, აშშ-ის შეტყობინებები გადაეცათ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე და ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსს, ეიალ ზამირს. სიტუაციაში ჩახედული წყაროს ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ თავისი მოთხოვნის სამი მიზეზი დაასახელა:

1. ასეთი დარტყმები საზიანოა ირანული საზოგადოებისთვის, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი რეჟიმს ეწინააღმდეგება;

2. ტრამპი ომის შემდეგ ირანის ნავთობის სექტორთან ურთიერთობას გეგმავს -  ვენესუელის მიმართ მიდგომის მსგავსად;

3. ამ დარტყმებით შესაძლოა მოხდეს ირანის მიერ სპარსეთის ყურის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასირებული საპასუხო თავდასხმების პროვოცირება.

„აქსიოსი“ აღნიშნავს, რომ ირანმა ომის დასაწყისში დრონებით შეუტია სპარსეთის ყურის ენერგეტიკულ ობიექტებს, მაგრამ არ მიუყენებია მნიშვნელოვანი ან შეუქცევადი ზიანი და განმარტავს:

აშშ შიშობს, რომ ირანის ნავთობზე დარტყმების ახალმა სერიამ შეიძლება შეცვალოს ეს გათვლები და ფასების კიდევ უფრო მაღალი ზრდა გამოიწვიოს.

დეტალებში ჩახედული  წყაროს თქმით, ტრამპი ირანის ენერგეტიკულ და ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს განიხილავს  „განკითხვის დღის ვარიანტად“  - ვარიანტად, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევისთვის უნდა იქნეს შემონახული, თუ ირანი წინასწარგანზრახულად დაესხმება თავს სპარსეთის ყურის ნავთობის ობიექტებს.

ტრამპმა ორშაბათს ეს პოზიცია საჯაროდ გამოხატა და გააფრთხილა, რომ ირანი „20-ჯერ მეტად“ დაზარალდება, თუ ის მსოფლიო მასშტაბით შეაფერხებს ნავთობის მიწოდებას. .

მან Truth Social-ზე დაწერა, რომ აშშ „გაანადგურებს მარტივად ხელმისაწვდომ სამიზნეებს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის ირანის როგორც სახელმწიფოს აღდგენას“.

წყაროს მტკიცებით, ტრამპი მიანიშნებდა ირანის ნავთობის ობიექტებზე შესაძლო თავდასხმებზე.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ სენატორმა ლინდსი გრემმა, რესპუბლიკურ პარტიაში ომის ერთ-ერთმა ყველაზე მგზნებარე მომხრემ, ასევე გააკრიტიკა ისრაელის დარტყმები გაზის და ნავთობის საცავებზე

„გთხოვთ, ფრთხილად იყოთ სამიზნეების არჩევისას. ჩვენი მიზანია ირანელი ხალხის გათავისუფლება ისე, რომ არ წავართვათ მათ შესაძლებლობა, დაიწყონ ახალი და უკეთესი ცხოვრება ამ რეჟიმის დაშლის შემდეგ. ირანის ნავთობის ეკონომიკა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება ამ მიზნის მისაღწევად“, - დაწერა გრემმა X-ზე.

სამშაბათს დილით, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა ისრაელის მიერ გაზის და ნავთობის საცავებზე თავდასხმიდან დისტანცირების შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ აშშ-ს ასეთი სამიზნეები არ დაუბომბავს.

თეთრმა სახლმა, ისრაელის საელჩომ ვაშინგტონში და ისრაელის თავდაცვის ძალებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს, - წერს „აქსიოსი“