პენტაგონის გენერალურმა ინსპექტორმა პლატ მორინგმა უარი თქვა გამოძიების ჩატარებაზე უკრაინაში Starlink-ის თანამგზავრული კავშირის სისტემის მუშაობაში შეფერხებებთან დაკავშირებით. გამოძიების ჩატარების მოთხოვნით მას აშშ-ის სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა მიმართა.

აღინიშნება, რომ ასეთი გადაწყვეტილება კანონმდებლებში აჩენს შიშს, რომ სამხედრო უწყებას და მის დამოუკიდებელ გენერალურ ინსპექტორსაც კი "არ სურთ, დაუპირისპირდნენ იმ გავლენას, რომელსაც SpaceX-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი თავდაცვით კომუნიკაციაზე ახდენს".

Starlink-ის სისტემას და მის "სამხედრო პაკეტს" Starshield-ს უკრაინელი სამხედროებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ოქტომბრის დასაწყისში უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს ამ სისტემების შენელების შესახებ, რამაც გავლენა მოახდინა უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობაზე, გადაეჭირათ დიდი სიჩქარით მოძრავი რუსული დრონები.

აშშ-ის სენატის ცხრა დეპუტატის - ოთხი რესპუბლიკელისა და ხუთი დემოკრატის - მოთხოვნის საპასუხოდ, პენტაგონის გენერალურმა ინსპექტორმა, რომელიც საზედამხედველო ინსტანციას წარმოადგენს, მიუთითა, რომ ამ საკითხით, უკეთესი იქნება,საჰაერო ძალებს მიმართონ.

კონგრესის წევრების ერთ-ერთი თანაშემწის თქმით, რომელსაც AP სახელის მითითების გარეშე ეყრდნობა, ასეთი რეაქცია ფასდება, როგორც გენერალური ინსპექტორის უარი მასკისა და კომპანია Starlink-ის მიმართ გამოძიების ჩატარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის ყველა შესაძლებლობა აქვს.

24 ოქტომბერს ილონ მასკმა დაადასტურა, რომ მისი კომპანია ზღუდავდა Starlink-ის თანამგზავრული კავშირის მუშაობის სიჩქარეს უკრაინაში და განმარტა, რომ ეს კეთდებოდა კიევის მიერ მისი გამოყენების პირობების დარღვევის გამო. მასკმა უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი Starlink-ს "ადამიანების მკვლელობის მიზნით" უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევითი თავდასხმებისთვის იყენებდნენ. "ეს ხვრელი გასულ კვირას დაიხურა. Starshield - სხვა სისტემაა, რომელიც აშშ-ის მთავრობის კონტროლის ქვეშ იმყოფება. მათი გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენებენ მას", - დაწერა მილიარდერმა სოციალურ ქსელ X-ში.

იმავე დღეს, 24 ოქტომბერს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ევგენი ხმარამ დაადასტურა, რომ უკრაინაში Starlink-ის თანამგზავრული კავშირისა და მისი სამხედრო ვერსიის, Starshield-ის მუშაობა საათში 400 კილომეტრზე მეტი სიჩქარით აღდგა.