ტარიფები, რომლის გამოცხადებასაც დონალდ ტრამპი აპირებს, დიდი ეკონომიკური შეცდომაა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.
კოშტას თქმით, ევროკავშირსა და აშშ-ის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ომი „ყველას შეეხება“.
ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ტარიფებს „მტკიცედ, მაგრამ გონივრულად“ უნდა უპასუხოს.
„ეს მართლაც დიდი ეკონომიკური შეცდომაა შეერთებული შტატებისთვის, ისევე როგორც ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ გადამწყვეტად, მაგრამ, ამავე დროს, გონივრულად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას მოლაპარაკებებზე“, – განაცხადა კოშტამ.
კოშტას თქმით, ეს ნიშნავს, რომ „გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გზით უნდა იყოს მიღწეული“.
„ტარიფები გადასახადებია. გადასახადები, რომლებსაც გადაიხდიან ამერიკელი მომხმარებლები, რომლებსაც გადაიხდიან ამერიკული კომპანიები. ეს არ იქნება კარგი ამერიკელებისთვის, მაგრამ ეს ასევე ცუდი იქნება ევროპელებისთვისაც“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, სატარიფო ომში შესვლა არ არის საუკეთესო გზა.
„ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები მსოფლიო ვაჭრობის 30%-ს და მსოფლიო მშპ-ს 40%-ს შეადგენს, ამიტომ ეს გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ევროპასა და აშშ-ზე, ეს გავლენას მოახდენს ყველაზე, ამიტომ ეს დიდი შეცდომაა, მაგრამ იმედი მაქვს, შეერთებული შტატები ხვდება ამ შეცდომის მასშტაბებს და რომ ჩვენ შევძლებთ თავიდან ავიცილოთ სავაჭრო ომი“, – აღნიშნა კოშტამ.
თარგმანი: პირველი არხი