გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა ვენესუელაში აშშ-ის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის გამო და განაცხადა, რომ „საერთაშორისო სამართლის არ ყოფილა დაცული“.

ამის შესახებ ნათქვამია გუტერეშის წერილში, რომელიც მისმა მოადგილემ, როსმარი დიკარლომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე წაიკითხა.

სხდომაზე ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ.

„მე ღრმად ვარ შეშფოთებული ვენესუელაში არასტაბილურობის სავარაუდო ინტენსიფიკაციის გამო, ასევე რეგიონზე პოტენციური ეფექტით და იმ პრეცედენტით, რომელიც შეიძლება, შეიქმნას ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. ვენესუელაში ვითარება უკვე მრავალი წელია, არის როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო შეშფოთების საგანი. ამ ქვეყნის მიმართ ყურადღება გაიზარდა ვენესუელაში 2024 წელს ჩატარებული სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. საარჩევნო ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც მე დავნიშნე ვენესუელის მთავრობის მოთხოვნით, ხაზი გაუსვს სერიოზულ პრობლემებს. ჩვენ მუდმივად ვითხოვდით სრულ გამჭვირვალობას და არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას“, – ნათქვამია გუტერეშის წერილში.

ამასთან, გაერო-ს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს, დაიცვან საერთაშორისო სამართალი.

„მე მუდმივად ხაზს ვუსვამდი ყველა მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის დაცვის იმპერატიულობის მნიშვნელობას, მათ შორის გაერო-ს ქარტიისა, რომელიც ქმნის საფუძველს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ საერთაშორისო სამართლის წესები არ იყო დაცული 3 იანვარს ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს“, – აცხადებს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა ვენესუელის საკითხში ჩართულ ყველა მხარეს, ჩაერთონ ინკლუზიურ და დემოკრატიულ დიალოგში, რომლის ფარგლებშიც საზოგადოების ყველა სექტორს შეეძლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი.

თარგმანი: პირველი არხი