უკრაინამ ოფიციალურად შეატყობინა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO), რომ რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის უსაფრთხო არ არის.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს.
„რუსეთის საჰაერო სივრცე, სამხედრო აქტივობის გაზრდის გამო, სამოქალაქო ავიაციისთვის უსაფრთხო არ არის. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, თავი აარიდონ მას. რუსეთი განზრახ უგულებელყოფდა არსებულ საფრთხეებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესიის შედეგად წარმოიშვა და რამაც ბოლო წლებში უკვე რამდენიმე ინციდენტი გამოიწვია. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ტერორის მკვეთრი ესკალაციის ფონზე, რუსეთის საჰაერო სივრცე სულ უფრო სახიფათო ხდება“, – აღნიშნავს სიბიგა.
მისი თქმით, უკრაინის პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებაა, გააფრთხილოს ICAO, ავიაკომპანიები და მთავრობები, რათა მათ სიფრთხილე გამოიჩინონ, „მაშინაც კი, თუ რუსეთი უარს ამბობს მათი ინფორმირების ვალდებულების შესრულებაზე“.
„ჩვენ გვინდა, თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი ინციდენტები. ომი რუსეთში ბრუნდება. უკრაინა გაერო-ს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად, თავდაცვის განუყოფელ უფლებას ახორციელებს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.










