კვირას, გამთენიისას, ასადის მოწინააღმდეგე ამბოხებული მებრძოლები დამასკოში შევიდნენ. 

სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხებული დაჯგუფების მებრძოლებმა „ტელეგრამში" დამასკოში შესვლის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. იმავდროულად, ქალაქის მცხოვრებლებმა განუცხადეს სააგენტო „ფრანს პრესს", რომ დედაქალაქის ქუჩებში ტყვიების ჯერებით სროლის ხმა ესმოდათ.

თავის მხრივ, ამერიკული სატელევიზიო არხი „სიენენი"იტყობინება, რომ კვირას გამთენიისას შეიარაღებული დაჯგუფებები დამასკოში შევიდნენ.

არაბული მედიის ინფორმაციით, დამასკოში შესვლამდე ამბოხებულებმა სირიის სიდიდით მესამე ქალაქი ჰომსი დაიკავეს, კვირას გამთენიისას კი დამასკოდან 30 კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარე, სირიის ერთ-ერთი ყველაზე გამაგრებულ, „ადამიანების სასაკლაოს" სახელით ცნობილი სედნაიას სამხედრო ციხეში შეიჭრნენ და ათასობით პატიმარი გაათავისუფლეს.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის" ცნობით, ამბოხებულთა რამდენიმე ოფიცერმა მასთან საუბარში განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტი თვითმფრინავით გაურკვეველი მიმართულებით გაფრინდა, ქალაქში კი არმიის დისლოცირების არანაირი კვალი არ არსებობს.

სირიის პრემიერ-მინისტრმა მუჰამედ გაზი ალ-ჯალალის განცხადებით, ის თავის სახლში იმყოფება და ამბოხებულთა ქალაქში შესვლის შესახებ განცხადების გაკეთების მიუხედავად, არ აპირებს ქალაქის დატოვებას. ეს ჩემი სამშობლოა, მე სახელმწიფო ინსტიტუტებით ვარ დაინტერესებული. ისინი არც ჩემია და არც ვინმე სხვისი არაა. სახელმწიფო ინსტიტუტები ყველა სირიელის საკუთრებაა. ჩვენ ხელს ვუწვდით მათი ფუნქციონირებით დაინტერესებულ სირიის ყველა მოქალაქეს. მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, არ დააზიანონ საჯარო ქონება.

ბოლო ინფორმაციით, ამბოხებულებმა რადიო და ტელევიზიის შენობა დაიკავეს, განაცხადეს, რომ სირიაში „ახალი ერა" დაიწყო და საზღვარგარეთ მყოფ სირიელებს სახლებში დაბრუნებისკენ მოუწოდეს.