რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბიუჯეტის დეფიციტმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 3.69 ტრილიონი რუბლი ($46.89 მილიარდი) შეადგინა. ამით ბიუჯეტის დეფიციტის ნიშნულმა, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.7%-ს წარმოადგენს, წლის პირველ ნახევარშივე მიაღწია წლის ბოლომდე მოსალოდნელ მაჩვენებელს.
2025 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში დეფიციტის მაჩვენებელი მშპ-ს 1.5% იყო, რაც მნიშვნელოვნად გაზრდილია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, როცა დეფიციტმა მშპ-ს 0.3% შეადგინა.
სამინისტროს თქმით, წლის პირველ ნახევარში ფისკალური ხარჯი 20.2%-ით გაიზარდა, შემოსავალი კი მხოლოდ 2.8%-ით. ამასთან, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ენერგოსექტორიდან რუსეთის შემოსავლები 17%-ით დავარდა.
გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთში 2025 წლის ბიუჯეტის დეფიციტზე პროგნოზი აპრილში 0.5%-დან 1.7%-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც ნავთობზე მოსალოდნელი დაბალი ფასების ხანგრძლივი პერიოდიდან გამომდინარე ენერგოსექტორიდან შემოსავლებზე პროგნოზი 24%-ით შემცირდა.
ამას გარდა, Reuters-ის მიხედვით, ეროვნული თავდაცვის ხარჯი 2025-ში მეოთხედით გაიზარდა და მშპ-ს 6.3% შეადგინა, რაც ცივი ომის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია.
გამოცემა წერს, რომ რუსეთის მთავრობა ფისკალური რეზერვებიდან 447 მილიარდი რუბლის, ანუ ლიკვიდური აქტივების მეათედის, გამოყენებას აპირებს 2025 წელს ბიუჯეტის დასაბალანსებლად. ამასთან, ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის კიდევ ერთ გადახედვას აგვისტოში გეგმავს.