2023 წლის ბოლოდან, ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის წესები იცვლება:დაახლოებით 1,4 მილიარდ ადამიანს, ვიზისაგან გათავისუფლებული 60-ზე მეტი ქვეყნიდან, მოგზაურობის ნებართვა დასჭირდება. განაცხადი გამგზავრებამდე წინასწარ, ელექტრონულად უნდა შეავსონ და 7 ევრო გადაიხადონ.
ETIAS ანუ ევროპაში მოგზაურობის ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემა არის ევროპის ქვეყნებში შესვლის მოთხოვნა შენგენის ზონაში ვიზისგან თავისუფალი ქვეყნების მოქალაქეებისათვის, რომლებიც მიემგზავრებიან ევროპის 30 ქვეყანაში.
ETIAS-ის გავლის სამართლებრივი პროცედურები 2016 წელს დაიწყო და ბოლო ინფორმაციით, სისტემა სრულად 2023 წლის ნოემბერში ამოქმედდება.
ეს არის სია იმ ევროპული ქვეყნებისა, რომლებიც ETIAS-სს მოითხოვენ:
ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.
ETIAS-ი მოქმედებს სამი წლის განმავლობაში, შესაბამისად, განაცხადსაც აქვს სამწლიანი ვადა. სამი წლის შემდეგ თქვენ ხელახლა უნდა შეავსოთ ელექტრონული ფორმა.
ETIAS განაცხადის შევსებას ელექტრონულად დაახლოებით 10 წუთი დასჭირდება.
თქვენ უნდა მიაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
სახელი, გვარი, გვარი დაბადებისას, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, ინფორმაცია თქვენი მოქალაქეობის შესახებ, მისამართი, ფოსტა და ტელეფონის ნომერი, განათლება და სამუშაო გამოცდილება, ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომლის მონახულებასაც აპირებთ, კითხვები თქვენს ჯანმრთელობაზე (დასაშვებობის ფარგლებში). ომის ქვეყნებში მოგზაურობის შესახებ კითხვები, ხომ არ ყოფილხართ ნასამართლევი ან დეპორტირებული და ა.შ.
მას შემდეგ, რაც სისტემა გადაამოწმებს თქვენს მონაცემებს და დაადგენს, რომ თქვენი ყოფნა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე უსაფრთხოა, ETIAS-ის ცენტრალური სისტემა გასცემს თქვენს მოგზაურობის ავტორიზაციას და თქვენ მიიღებთ დადასტურებას ელექტრონული ფოსტით.