საფრანგეთში 11 წლის გოგონას, ლიანას (Lyhanna) მკვლელობის საქმემ, ქვეყანაში უდიდესი საზოგადოებრივი პროტესტი და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. საქმემ პირდაპირ ამხილა საფრანგეთის მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემის უმძიმესი ხარვეზები, რის გამოც მთავრობა და პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ.
მკვლელობაზე პასუხისმგებლობას საზოგადოება მთლიანად ხელისუფლებას, სასამართლოს და სამართალდამცველ ორგანოებს აკისრებს, რადგან სწორედ მათი უმოქმედობის შედეგი გახლდათ ის, რომ სავარაუდო პედოფილი, რომლის წინააღმდეგ ბოლო მკვლელობის საქმემდე ორი საჩივარი იყო შესული, თავისუფლად დადიოდა ქალაქის ქუჩებში.
საქმის დეტალები და ქრონოლოგია - გაუჩინარება და მკვლელობა:
11 წლის ლიანა 2026 წლის 29 მაისს, სამხრეთ საფრანგეთის პატარა ქალაქ ფლორანსში (Fleurance), სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ის გაიტაცეს. მისი ცხედარი მოგვიანებით ერთ-ერთ ფერმაში იპოვეს. ეჭვმიტანილი, რომელიც პოლიციამ დააკავა 41 წლის მამაკაცი, ლიანას კლასელის მამა აღმოჩნდა. მას ბრალად ედება არასრულწლოვნის გატაცება და მკვლელობა. თუმცა, მთავარი სკანდალი სწორედ დაკავების შემდეგ დაიწყო.
როგორც გაირკვა, ეჭვმიტანილი სამართალდამცველების თვალთახედვის არეში ჯერ კიდევ 2017 წლიდან იყო. უფრო მეტიც, მის წინააღმდეგ ბოლო თვეებში არასრულწლოვანთა გაუპატიურების ორ სხვადასხვა საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება, თუმცა ბიუროკრატიული შეფერხებების გამო პოლიციამ მისი დაკითხვაც კი ვერ მოახერხა მანამ, სანამ მან ლიანა არ მოკლა.
დაგვიანებული რეაგირება და "თაროზე შემოდებული" საქმეები
ლიანას მკვლელობის შემდეგ გაირკვა ისიც, ტულუზის პოლიციამ ერთ-ერთი მსხვერპლის ჩვენება, ფსიქოლოგიური დასკვნები და სამედიცინო ექსპერტიზის პასუხები (რომლებიც ადასტურებდნენ ბავშვზე სექსუალურ ძალადობას) 2026 წლის იანვარში გადაუგზავნა ოშის (Auch) პროკურატურას. თუმცა, პროკურატურამ საქმე კვირების განმავლობაში არც კი გახსნა, ხოლო გამომძიებლების დანიშვნას კიდევ 6 კვირა მოანდომა. შედეგად, კრიმინალი თვეების განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდა. საფრანგეთის ქალაქებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ლოზუნგით „დაიცავით ჩვენი შვილები“ თუმცა, საზოგადოებისთვის ნამდვილი შოკი იყო იმ ფაქტის გაგება, რომ ასეთი "თაროზე შემოდებული" საქმეები, რომელიც ბავშვთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას ეხებოდა, 70 000 აღწევდა.
70 000 საჩივარი, რომლებიც უშუალოდ ბავშვების მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობას, გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებებს ეხება
საზოგადოებრივი წნეხის და აქციების გამო, იუსტიციის მინისტრმა გასცა განკარგულება, რომ 2026 წლის 14 ივლისამდე, ქვეყნის მასშტაბით არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობისა და გაუპატიურების 70 000 მიმდინარე საქმე ხელახლა გადაიხედოს, რათა პედოფილები თავისუფლებაზე აღარ დადიოდნენ. თუმცა, ფაქტი ისაა, რომ ამ 70 000 საქმის უკან, რომელზედაც საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა, საგანგებო ბრძანება გასცა, ფრანგული ბიუროკრატიის უმძიმესი რეალობა დგას.
როგორც ფრანგული მედია წერს, ეს არ არის უბრალო ციფრი. ეს არის ამწუთას საფრანგეთის პოლიციასა და პროკურატურაში თაროზე შემოდებული, განხილვის პროცესში მყოფი ან გაყინული 70 000 საჩივარი, რომლებიც უშუალოდ ბავშვების მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობას, გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებებს ეხება. ხელისუფლებას მოუხდა იმის აღიარება რომ ეს იყო ფრანგული მართლმსაჯულების სისტემური კრახი.
ტრაგედიამ აიძულა საფრანგეთის უმაღლესი თანამდებობის პირები, იურისტები და აქტივისტები, ღიად ელაპარაკათ იმაზე, რომ სასამართლო სისტემა და პროკურატურა რესურსების ნაკლებობის გამო სრულ კოლაფსშია. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონი მაკრონმა საჯაროდ აღიარა, რომ სახელმწიფო აპარატმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა: ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ იმ ფაქტს, რომ სისტემის ხარვეზები აშკარად გამოაშკარავდა... იურიდიულ სისტემაში მოხდა დაუშვებელი კრახი.“ -განაცხადა მან.
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა აღიარა, პოლიციაში საჩივრებისა და გაუპატიურების საქმეების ათიათასობით გამოუძიებელი საქმე დევს: "ჩვენ ვერ შევძელით შემოსულ საჩივრებზე რეაგირება. მე ამაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. თავზარდაცემული ვარ ამ სიტუაციით... მართლმსაჯულების სისტემის ეს ჩავარდნა შემაძრწუნებელია"
რეგიონის დეპუტატი, დავიდ ტოპიაკი ჯერ კიდევ 2025 წლის აპრილში (ლიანას მკვლელობამდე ერთი წლით ადრე) წერილობით აფრთხილებდა იუსტიციის სამინისტროს ოშის (Auch) პროკურატურაში არსებულ კადრების დეფიციტზე: რესურსებისა და პერსონალის ნაკლებობა ზრდის მოქალაქეების დაუცველობის განცდას იმ სასამართლო სისტემის წინაშე, რომელიც წვალობს და ძლივს ახერხებს თავისი მოვალეობების შესრულებას.“
მან გააკრიტიკა ხელისუფლება ლიანას მკვლელობის გამო: როდესაც პრეზიდენტი და იუსტიციის მინისტრი ამბობენ, რომ ეს არ არის რესურსების პრობლემა, მიუღებელია. თუ გამოძიება მხოლოდ რამდენიმე ადამიანის დასჯით და საქმის დახურვით დასრულდება, ამით არაფერი შეიცვლება.
ლიანას მშობლების ადვოკატმა ფრანსუა დე რუჟუ დე ბუბემ პირდაპირ დაადანაშაულა სისტემა უმოქმედობაში: პოლიციასა და მაგისტრანტებს ერთი თვე მისცეს, რათა გადახედონ აბსოლუტურად ყველა საჩივარს, რომელიც ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობას ეხება და ეს არის დაახლოებით 70 000 საქმე. წარმოუდგენელია, ერთი თვე ეყოს ამ ყველაფერს" - განაცხადა მან.
პროფკავშირის წარმომადგენელმა სირილ პაპონმა კი განაცხადა, რომ ფრანგული სასამართლოები გადატვირთულია, რადგან მთავრობამ პრიორიტეტი ნარკოდანაშაულს მიანიჭა, რამაც ბავშვთა დაცვის სფერო დაფინანსების და ყურადღების გარეშე დატოვა.
"სისტემა აშკარად არ მუშაობს... იმ სირთულეების გათვალისწინებით, რის წინაშეც ვდგავართ, რეალურად გვიმართლებს, რომ უფრო მეტი ასეთი შემთხვევა არ გვაქვს.“ - განაცხადა მან.
იუსტიციის მინისტრმა, პარასკევს საღამოს,TF1-ის ეთერში, ბოდიში მოიხადა "სამართლიანობის სახელით" და აღიარა, რომ დაწესებულებამ "ვერ შეძლო საჩივრების განხილვა" მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილის, ჟერომ ბარელას წინააღმდეგ. მან ახსენა მოსამართლეების წინააღმდეგ შესაძლო სანქციები "ჩავარდნებისა" და "პროფესიული გადაცდომებისთვის" და მაყურებელს შეახსენა, რომ მათი დამოუკიდებლობა "არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას".
შეგახსენებთ, რომ ჯერომ ბარელას წინააღმდეგ არასრულწლოვანთა გაუპატიურების რამდენიმე შემთხვევა იყო შეტანილი, მათ შორის ორი 2022 წელს და ერთი 2025 წლის აგვისტოში. პირველ ფაქტზე გამოძიება შეწყვიტეს, მეორეზე გამოძიება მიმდინარეობდა, მაგრამ ეჭვმიტანილი არცერთხელ დაუკითხავთ.
პროკურორების ნაწილი აღიარებს პოტენციურ ხარვეზებს, მაგრამ აცხადებენ, რომ სისტემა კოლაფსის პირას არ არის. ფაქტები კი სხვას მეტყველებს. როგორც ფრანგული მედია იუწყება, საფრანგეთში 100 000 მოსახლეზე მხოლოდ სამი პროკურორი მოდის ევროპის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც 12.2-ს შეადგენს.
და ამ ყველაფერს დაემატა კიდევ ერთი სკანდალი, ამჯერად პარიზის საბავშვო ბაღებში - სექსუალური ძალადობის ეჭვით, 132 აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა.
პარიზის მე-17 ოლქის ერთ-ერთ საჯარო საბავშვო ბაღთან გამართულ შეხვედრაზე, პარიზის მერმა ემანუელ გრეგუარმა განაცხადა, რომ 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე პარიზში კლასგარეშე აქტივობების (გახანგრძლივებული ჯგუფების) 132 ანიმატორს უფლებამოსილება შეუჩერდა. მათგან 52-ის შემთხვევაში საქმე სექსუალური ან სექსისტური ძალადობის ეჭვს ეხება.
მერმა ასევე აიღო ვალდებულება, რომ გადაუდებელი ზომების მიღების გარდა, შეიქმნება დამოუკიდებელი კომისია. აღნიშნულ კომისიას ყოფილი მაგისტრატი (მოსამართლე) ანტუან გარაპონი უხელმძღვანელებს და მისი მიზანი კლასგარეშე აქტივობების სისტემაში არსებული ხარვეზებისა და დარღვევების გამოვლენა იქნება.








