პირველად აჭარასა და საქართველოში გაიმართება მოდის კვირეული "Adjara Fashion Week", რომლის ორგანიზატორები საქართველოს მოდისა და დიზაინის ასოციაცია  არიან "FASHION GROUP"-თან ერთად. მოდის კვირეულს 30 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით საცხოვრებელი კომპლექსის ,,Palm Apartments"-ისა და ღია საცურაო აუზის ტერიტორია უმასპინძლებს. 

"Adjara Fashion Week"-ზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული 16 დიზაინერის ნამუშევრები, გაიმართება გამოფენა-გაყიდვები. მოდის კვირეულის 4 დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. 

ღონისძიების მხარდამჭერები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ქ. ბათუმის მერია, გენერალური სპონსორები- შპს "GIMG" და შპს "GIMG Apartments".

30 ივლისს, მოდის კვირეულით გაიხსნება მრავალფუნქციური სასტუმრო და გასართობი კომპლექის ,,Grand Hotel Batumi Black Sea"-ს ბიზნეს კლასის რეზიდენცია და ღია საცურაო აუზი. პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა და იგი ითვალისწინებდა 11.500 მ2-ზე გაშენებულ 51 რეზიდენციასა და 1.300 მ2-ზე მოწყობილ სარკეებიან, ზღვის წყლით სავსე აუზის მოწყობას. რეზიდენციაში შედის ასევე 8 500 მ2 ფართობზე არსებული ინფრასტრუქტურა: დახურული გალერეა, რეცეფცია, გასახდელები, მოსასვენებელი და გასარუჯი ზონები აუზის და პავილიონის ღია ტერასებზე, ღია ბარი და კვების ბლოკი, ევკალიპტებისა და პალმების რეკრეაციული "მწვანე" ზონა.