თბილისის მუნიციპალიტეტის VIII მოწვევის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, გლდანი 3-ის (ლუწი მიკრორაიონები) მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ რეხვიაშვილმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი მიხეილ რეხვიაშვილი არის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიისა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრი. ანგარიშში წარმოდგენილი იყო დეპუტატის საქმიანობა უმრავლესობის ფრაქციაში, კომისიებსა და სამაჟორიტარო ოლქში.
ანგარიშის თანახმად, საკრებულოს 18 და ბიუროს 20 სხდომაზე 99 დადგენილება და 713 განკარგულება მიიღეს. მიხეილ რეხვიაშვილმა დაწვრილებით მიმოიხილა საანგარიშო პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური საკითხთა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიაში საკუთარი აქტივობა.
პრეზენტაციისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში სამაჟორიტარო ბიუროში აქტიურად იმართებოდა მოქალაქეთა მიღებები, რომლებზეც მედიკამენტებით უზრუნველყოფის, ერთჯერადი დახმარების, მიწის ლეგალიზაციის, სოციალური და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკითხებს განიხილავდნენ.
მიხეილ რეხვიაშვილმა დეტალურად ისაუბრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე. მისი თქმით, რამდენიმე მისამართზე მოხდა წყალარინების შიდა და გარე ქსელის რეაბილიტაცია, გზის საფარის მოწყობა-რეაბილიტაცია, ლიფტების განახლების, საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, რაც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
საკრებულოს წევრმა ანგარიშის წარდგენისას დიდი ადგილი დაუთმო რეკრეაციული სივრცეების მოწყობის საკითხს. მოსახლეობის ჩართულობით უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ ახალი რეკრეაციული სივრცეები მოეწყო. როგორც მიხეილ რეხვიაშვილმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში რაიონში მოეწყო ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, საქანელა სკამები, გარე განათება და სარწყავი სისტემა, ასევე განახლდა ასფალტი და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები. მასშტაბური პროექტების გარდა კი არაერთ მისამართზე ფრაგმენტული რეაბილიტაციებიც მიმდინარეობს.
საანგარიშო პერიოდში გლდანის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. აქტიურად მიმდინარეობდა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მოეწყო ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები და სხვადასხვა მისამართზე დაიგო ასფალტის საფარი; ასევე რამდენიმე სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, სრულად განახლდა სასწავლო სივრცეები; იქ ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი და ბიბლიოთეკა.
მიხეილ რეხვიაშვილმა პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ მის სამაჟორიტარო ოლქში 107-ე საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, შეიცვალა სახურავი, განახლდა ფასადი, გარემონტდა ინტერიერი და ეზოში ახალი სათამაშო მოედნები მოეწყო.
როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, მომავალში აქტიურად გაგრძელდება მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელება.
ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.









